თქვენი მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას,- ასე მიმართა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.
„ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ. დასაწყისშივე ვიტყვი – თქვენი მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე“,- განაცხადა ბახტაძემ.