ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუცნაშვილი – არ ვიცოდი და ვიკითხე რა იგულისხმებოდა “არტ არეაში”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძის მიერ მიტანილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.

ქუცნაშვილის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით წერილის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

“მე ვიკითხე თუ რა არის ეს, მე არ ვიცი “არტ არეა” რა არის. აქედან გამომდინარე, მე ვიკითხე რა იგულისხმება “არტ არეაში”. შეიძლება, ჩემი მოუცლელობის ბრალია, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცოდი რა არის ეს “არტ არეა”.

რაც შეეხება წერილს, მაგ მონაცემებით წერილის იდენტიფიცირება შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, არამედ იმიტომ, რომ რთულია ავტორის ამოცნობა. როდესაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ არის, რთულია ამოიცნო. დაახლოებით იგივეა, ვიღაცამ პასპორტი წარმოგიდგინოთ, პასპორტში არ იყოს სურათი, არ იყოს ჩაწერილი სახელი და გვარი და თქვას, რომ პასპორტი თქვენია. ობიექტური ადამიანი სხვა დასკვნას ვერ გამოიტანს”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია. 

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო.

მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

დღეს პროკურატურამ ხაზარაძის მიერ მიტანილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა.

იტვირთბა....