ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოპულიზმს უნდა ჰქონდეს საზღვარი.
მდინარაძის თქმით, როდესაც ფარატინა ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი გაქვს და ამაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვ, არასერიოზულია.
„მათი მოთხოვნებიდან ასე გამოდის: ჩვენ უნდა დავიჯეროთ, მაგალითად, რომ 17 მილიონი მამუკა ხაზარაძემ ისესხა თავისი მეგობრისგან და არ იცოდა, რომ ეს ფული მისივე ბანკიდან იყო გატანილი. ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ და ყურადღება უნდა გადავიტანოთ წერილზე, რომელსაც არც ხელმოწერა აქვს, არც გამგზავნი ვიცით, არც – შუამავალი. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამობეჭდოს ასეთი წერილი და მოითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. რამდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი და რამდენად იძლევა ირონიის საფუძველს, საზოგადოებამ შეაფასოს.
მოვუწოდებ ნებისმიერ სამართალდამცავს, რომ თუ რაიმე დამატებითი მტკიცებულება იქნება, ძირფესვიანად გამოიძიონ ნებისმიერი დეტალი, მაგრამ როდესაც ფარატინა ფურცელზე ამობეჭდილი რაღაცა ნაბეჭდი ტექსტი გაქვს, ის ტექსტიც თავის მხრივ გაუგებარია და ამაზე ითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას, არასერიოზულია. ამ მდგომარეობაში იმიტომ აყენებენ საქართველოს პარლამენტს, რომ მთავარ საკითხზე არ იმსჯელონ.
კითხვაზე პასუხი არ უნდა მივიღოთ და უნდა დავიჯეროთ, რომ მეგობრისგან მიიღო 17 მილიონი ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თავისი ბანკიდან იყო გაცემული, როდესაც 17 ათასის გამო სახლებიდან არის ხალხი გამოსახლებული. ბოლოს და ბოლოს, პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს სადღაც საზღვარი?!”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.
ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია.
მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო.
მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
პროკურატურამ ხაზარაძის მიერ მიტანილი მუქარის წერილი გამოაქვეყნა.