დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მის მიერ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე.
დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდსა და მოსახლეობას შორის დიდი ბზარი გაჩნდა.
„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. ის მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, 1-ელ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას, ამას განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე – ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა დაგვაკისრა.
ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი არ შევასრულეთ და დღეს, ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით. ჩვენ მეორე ტურში ვუთხარით, რომ ვიზამთ, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ უკეთესები ვიქნებით. მეორე ტურს ეს არ მოყვა, არათუ უკეთესობაზე არ დაიწყო არავინ ფიქრი, არამედ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო იმიტომ, რომ მე დავდიოდი ხალხში მეორე ტურში და ვეუბნებოდი, რომ მოისმინთ, რა განცხადებები გაკეთდა, როგორ შეიძლება ეს არ იყოს გულწრფელი და ნახეთ, ამას რა ცვლილებები მოყვება. ძველი გუნდისთვის ცალკე მიმართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 1-ელი ოქტომბრის ღირებულებებსა და პრინციპებს ვუბრუნდებით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.