დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის გამო, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან ასევე, დატოვა პარტია და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები”.
მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
“მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას.
ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები რომელსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მე დამჭირდება რომელიმე საკითხზე მხარდაჭერა… აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია,” – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
მისი განმარტებით, ეს იყო მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება.
“ეს იყო განსხვავება ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის – ინდივიდების მიმართ. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ინდივიდუალიზმს, მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა და ზოგადად, ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას”, – განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა.
ნაცვლიშვილის ინიციატივას 105 დეპუტატიდან მხარი 42-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10-მა მისცა ხმა. ქვორუმისთვის საჭირო 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნება” დატოვა ეკა ბესელიამაც. გუშინ პარლამენტმა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.