საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე შეიტანა.
მისივე თქმით, ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება“.
„გედი ფოფხაძემ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა“ – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა.
როგორც თავად გედევან ფოფხაძემ განაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.