ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მე-12 კლასელები პარლამენტთან, გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, აქციას გამართავენ 

მე-12 კლასელები მოითხოვენ, გამოსაშვები გამოცდები მათთვისაც გაუქმდეს. აღნიშნული მოთხოვნა მათ მას შემდეგ წამოაყენეს, რაც ცნობილი გახდა, რომ წელს მე-11 ხოლო 2020 წლიდან მე-12 კლასელებისთვის, გამოსაშვები გამოცდები უქმდება.

როგორც მე-12 კლასელების ნაწილმა “მეტრონომს” განუცხადა, ისინი 2 თებერვალს, 14 საათზე, თბილისის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

“აქციას ვატარებთ აბიტურიენტები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოვლად უსამართლო და ალოგიკურია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ როდესაც რეფორმა ტარდება, ის სამართლიანი უნდა იყოს არა საზოგადოების ნაწილის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. თუ რეფორმის გამართლება ისაა, რომ თურმე “ციკლი უნდა დასრულდეს”, ჩნდება კითხვა – რა საჭიროა ამ ციკლის დასასრულამდე მიყვანა და ამით სირთულეების გამოწვევა თუ ის მაინც უნდა გაუქმდეს და მისი დაუსრულებლობა არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს? პირიქით, მოგვცემს ამოსუნთქვის საშუალებას აბიტურიენტებს, რომლებსაც წინ ისედაც ეროვნული გამოცდები გველის. აქ არაა საუბარი იმაზე, რამდენად სწორია საატესტატო გამოცდების გაუქმება / არ გაუქმება, უბრალოდ, მოვითხოვთ ჩვენც, მეთორმეტე კლასელებს, აბიტურიენტებს, გაგვიუქმდეს საატესტატო გამოცდები, რომლებიც სამინისტროსვე გადმოცემით, “უსარგებლოა” . კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, ჩვენ მის სარგებლიანობა/უსარგებლობაზე ჩვენს აზრს აქ არ ვაფიქსირებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას”, – აცხადებენ მოსწავლეები.

შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე  2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

მე-12 კლასელებმა აქცია ბათუმშიც გამართეს.

 

იტვირთბა....