ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხინვალში მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია… აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა..” – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ეხმაურება,.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ე.წ. გამშვები პუნქტები უკვე 12 დღეა რაც ჩაკეტილია და მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

“აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც ტრანსკამით გადაადგილება დაკეტილი გახლავთ დიდთოვლობის გამო. მოსახლეობას აქვს რეალური პრობლემა, ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის ბავშვის საკვებზე წვდომის, ეს მართლაც საგანგაშოა“, – აღნიშნავს მინისტრი.

მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვის დაწესების დღიდან პარტნიორებთან თანამშრომლობა 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს.

“არანაირი გამართლება არ აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას. თითქოსდა არ არსებულ ეპიდემიაზე აპელირებით, რადგან სიტუაცია არ არის ეპიდემიური, არ არის მდგომარეობა გაუარესებული, პირიქით გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით და ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რათა მოსახლეობას რეალურად შეექმნას სასიცოცხლო საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.

მინისტრი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდებს, გადაიხედოს გადაწყვეტილება და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდების მიზნით ე.წ. გამშვები პუნქტები დროულად გაიხსნას.

იტვირთბა....