თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო არ აშენდება.
მისი თქმით, შპს „არმლენდერ ასოშიეტსი“-ს მშენებლობის ნებართვა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეუჩერა და კომპანია სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში. მე, როგორც ვიცი, აქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიის მესაკუთრისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების საკითხზე იმუშაონ.
მერიის ინფორმაციით, კუს ტბის გზაზე, რესტორან „ოტიუმის“ მიმდებარე ტერიორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შეტყობინება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დღეს შევიდა, რაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა.