გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. ამასთან რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და დანაშაული ფაბრიკაციაა.
მისი თქმით, აღნიშნული ვერსია ყველასათვის რთული დასაჯერებელია.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.
„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.
როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის წარმომადგენელმა სხდომაზე გამოსვლისას ის არგუმენტები გაიმეორა, რომელიც მოსკოვს 2008 წლიდან აქვს და განაცხადა, რომ ცხინვალს საქართველოს შეირაღებული ძალები დაესხა თავს.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცხინვალზე საქართველოს ბარბაროსული თავდასხმის შედეგად, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის სამხედრო შესაძლებლობები. რუსულმა სამხედროებმა გააკეთეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება დაეცვათ, მათ შორის გააკეთეს ყველაფერი იმისთვისაც, რომ უზრუნველეყოთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებაც, რომლებსაც მანამდე ქართველები დაესხნენ თავს“, – განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.