ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებულად ისევ კომპანია “ნილი“ გამოცხადდა

საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებულად ისევ კომპანია “ნილი“ გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ამ კომპანიასთან ერთთვიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რომ ტენდერის საბოლოო შედეგამდე, ბავშვები საკვების გარეშე არ ყოფილიყვნენ.

„გუშინ ბოლო სხდომა გვქონდა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გიდასტურებთ, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია “ნილი”. რაც შეეხება მომავალში ამ კომპანიის მიერ ხარვეზების დაშვებას, ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირება გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია “ნილს“ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება იანვრის დასაწყისში გაუფორმა, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, “ნილი“ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მომსახურებოდა.

ამ ერთი თვის განმავლობაში კომპანიის მისამართით ბევრი პრეტენზია გამოითქვა. “ნილის“ დირექტორმა, თავის მხრივ კომპანიის მიმართ დივერსია არ გამორიცხა.

იტვირთბა....