თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მეტროსადგურ “ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ორ მოქალაქეს შეხვდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით უჯმაჯურიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ დაზარალებულებს კუთვნილი უფასო სამედიცინო პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„დაზარალებულებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ისინი სარეაბილიტაციო კურსის საჭიროებას დააფიქსირებენ, მათ შესაბამისი პროცედურები სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისი თქმით, დაზარალებულებს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდებათ უფასოდ და მათ არც ერთი თეთრის გაღება არ მოუწევთ, “ამაზე პასუხისმგებლობას სრულიად სახელმწიფო იღებს” – აღნიშნა შაქარიშვილმა.
“კმაყოფილი ვარ, რომ ადამიანებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდეს. ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. თურმე ჩვენ შეგვეძლო კლინიკაში მისვლა და მკურნალობის, რეაბილიტაციის გავლა უფასოდ. დღეს ვიგებ უცებ ამის შესახებ, ამ ადამიანებისგან”- აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი საკარულმა.
გუშინ სააგენტო GHN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად, ერთ-ერთი დაზარალებული ონლაინ სესხით მკურნალობს.
“მეტროსადგურ” ვარკეთილში ჭერი რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.