30 იანვარს “ვარკეთილის” მეტროსადგურში ჩამონგრეული ჭერის შედეგად დაშავებულთა დამატებითი მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ონლაინ-სესხის საშუალებით მკურნალობდა.