გადაცემაში “360 გრადუსი” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჰუმანურია, მაგრამ ეს ჰუმანურობა, სამწუხაროდ, კრიმინალურმა სამყარომაც სათავისოდ აღიქვა.
მისი თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ე.წ ქურდული სამყაროს გააქტიურება შეინიშნება, რაც საფრთხის შემცველია.
“დიაგნოზი სწორად უნდა დავსვათ. მდგომარეობა გაუარესებულია. დღევანდელი ხელისუფლება ჰუმანურია, მაგრამ ეს ჰუმანურობა, სამწუხაროდ, კრიმინალურმა სამყარომაც სათავისოდ აღიქვა. არაერთი პრეცედენტი ვნახეთ იმის, რომ ქურდული სამყაროს რომანტიზების ერა შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად გაყვანილი იყო თამაშიდან. გახშირებული სისხლიანი გარჩევები ახალგაზრდებში და ა.შ. ამის გამოძახილია. იგივე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც 100-მდე ადამიანი დაიკითხა და არავინ თქვა, თუ რა მოხდა იქ. შს სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს, რადგან გაუარესდა ვითარება და ამას მიხვდა შს მინისტრი. კანონმდებლობა ისედაც მკაცრია და თუ კიდევ გამკაცრდება, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მთავარია ადმინისტრირება და ის უბედურება, რაც კრიმინალურ პოლიციაში ხდება. შს მინისტრმა ეს ყველაფერი უნდა აიყვანოს კონტროლქვეშ “, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.