“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” შეფასებას აქვეყნებს იმის შესახებ თუ რატომ არ ვრცელდება FARA სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებზე და ასევე როგორია მისი გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრიში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ამერიკული კანონის – “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ” – შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
“1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.
ამ ორგანიზაციებს FARA-ს „აგენტის“ დეფინიცია ვერ მოერგება, რადგან ისინი დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს – რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსებას. ამის მაგალითია ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია.
გარდა ამისა, 1960-იანი წლებიდან კანონი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა: 1966-2015 წლებში იუსტიციის დეპარტამენტმა მხოლოდ 7 კრიმინალური საქმე აღძრა FARA-ს საფუძველზე. კანონის აქტუალობა კი 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ გაიზარდა.
FARA-ს მსუსხავ ეფექტსა და განჭვრეტადობაზე აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მსჯელობა არასდროს მოუწია, რაც განპირობებულია: 1) 1960-2016 წლებში კანონის ფაქტობრივად შეუსრულებლობით; 2) მისი ვიწრო რეგულირების სფეროთი და მიზნებით; 3) დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით; 4) გამოხატვის თავისუფლებისადმი პოლიტიკური და სამართლებრივი კონსენსუსით. საქართველოში კი, პირიქით, FARA-ს მტრულად განწყობილი პოლიტიკური გარემო, „მიტაცებული“ სასამართლო და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებისგან დაცლილი სისტემა ხვდება.
დოკუმენტში ასევე წაიკითხავთ:
როგორი იყო FARA-ს მიზანი და ისტორიული ევოლუცია;
როგორია FARA-ს რეგულირების სფერო და ვისზე ვრცელდება (და არ ვრცელდება) კანონი;
როგორ ხდება FARA-ს ინსტრუმენტალიზება;
რა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები ზღუდავს მის გამოყენებას”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.