ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვოლსკი: „დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შემომტანს ვერანაირი ლოიალური კანონმდებლობა ვერ დაიცავს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „მეტრონომთან“ საუბრისას ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ არც ერთ ძალაზე, მათ შორის არც საპატრიარქოზე არ არის დამოკიდებული, თუ რა სახით იქნება კანონპროექტი წარდგენილი.
„საპატრიარქოს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება გააჩნია და არაფერი კატეგორიული არ უთქვამთ. საპატრიარქო ამბობს, რომ ვიყოთ დაავადებული ადამიანების მიმართ ლოიალურები და მკაცრები ნარკოტიკების გამავრცელებებთან. საპატრიარქოს სხვა პოზიცია მე არ გამიგია. საკუთარი პოზიცია არასამთვრობო ორგანიზაციებსა და აქციის მონაწილეებსაც გააჩნიათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმა პოზიციამ მეორე დაჩაგროს. კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის მუშავდება და არის ორი ნაწილი – ჯანმრთელობის დაცვისა და სისხლის სამართლის დანაშაულის საკითხები. არც ერთ ძალაზე არ არის დამოკიდებული თუ რა ფორმულირებით იქნება კანონპროექტი შემოტანილი. საჭიროა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და ყველა მიმართულებით პროფესიონალური მიდგომა. მე ამ თემაზე საპასუხოდ ჯერ მზად არ ვარ.
კანონმდებლობის საკითხი აბსოლუტურად სხვა არის იმ საკითხისაგან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი გუშინ კონცენტრირებული იყო გიორგანაშვილის თემასთან მიმართებაში. აქ კანონპროექტი არაფერ შუაში. აქ საუბარია იმაზე, რომ გამოძიების მასალები მეტყველებს, რომ კონკრეტული პიროვნება დიდი რაოდენობის სუბოტექსის შემოტანაში არის ბრალდებული და ეს ადამიანები აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის პოზიცია გაიზიარა. საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ამ საკითხისადმი უფრო სრული ინფორმაცია ქონდეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაცია გამოქვეყნდა, მაგრამ კიდევ არის საჭირო დეტალები სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის. ვერანაირი ლოიალური კანონმდებლობა ვერ დაიცავს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება ან სასჯელი მიესაჯა ნარკოტიკების დიდი რაოდენობის შემოტანისთვის და საფრთხეში აგდებს საზოგადოების დიდ ნაწილს, მაგრამ რეალურად, მოხდა თუ არა ეს გიორგანაშვილის მიმართ, ეს კანონპროექტთან კავშირში არაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

იტვირთბა....