ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციური მუხლით დევნა ემსახურება პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას”

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ.

”დღეს, როდესაც ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს.

ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რაც გააჩნია პრეზიდენტს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

იტვირთბა....