საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია ღია საჯარო ინფორმაციაა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ესა თუ ის ინფორმაცია/ოფიციალური დოკუმენტი მოექცეს საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ სავალდებულო არ არის ასეთი ინფორმაცია წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან გააჩნდეს მატერიალური დოკუმენტის რეკვიზიტები.
სასამართლოს განმარტებით, სამსახურებრივი ელ.ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად არის ელექტრონული ფორმით არსებული ოფიციალური დოკუმენტი, ისევე როგორც საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი დაცული უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ღია ინფორმაციას წარმოადგენს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ და გაგზავნილნებისმიერ ინფორმაციას. აღნიშნული არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას.
IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტს მიმართა. ორგანიზაცია სამინისტროს ხელმძღვანელის (მინისტრის) ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემას ითხოვდა.
იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ორგანიზაციის განცხადება, ისევე როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი. ამის შემდეგ IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი. IDFI-მ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი განჩინება სრულად დააფუძნა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და 2016 წლის 27 დეკემბერის განჩინებით უცვლელად დატოვა.
2017 წლის 14 მარტს IDFI-იმ საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოსმიმართა. უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ორგანიზაციას 2017 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ IDFI-ის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი. შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა ის, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის სრული სახით გაცემა.
მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის მატარებელია. IDFI-ის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა მოცემულ საკითხზე და ინფორმაციის საჯაროობის სასარგებლოდ გადაწყვიტა პრაქტიკაში არსებული დავა ელ.ფოსტით განხორციელებული მიმოწერის საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ მოქცევის შესახებ.