საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია.
„კულტურულ ძეგლებთან და ეკლესიებთან დაკავშირებით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ფორმატს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით არის აქტუალური, ინფორმირებულია ამის შესახებ, ჩვენ მათ დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“ – აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 3 სოფელ წებელდაში მძიმე ტექნიკამ სამხედრო პოლიგონის მშენებლობისთვის ტერიტორიის მომზადებისას, მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.