„დიდი მასშტაბის სამხედრო წრთვნების გამო, დასავლეთი რუსეთს ე.წ. ვენის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
გენერალი და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ამირან სალუქვაძე, „მეტრონომთან“ ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო სწავლება “დასავლეთი-2017” გეგმიური სწავლებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა, მისი მასშტაბები სწავლებიდან სწავლებამდე იზრდება.
ანალიტიკოსის თქმით, სწავლების მასშტაბებთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო დასავლურ მედიაში, რასაც რუსეთი ადრე არ პასუხობდა, რითაც თემის აჟიტირებას ხელი შეუწყეს. სწავლების დაწყებისას კი საკმაოდ მოკრძალებული ციფრები დაასახელეს, თითქოს მასში 12-13 ათასი სამხედრო მონაწილეობს.
ქართველი გენერლის შეფასებით, სწავლებაში 40-60 ათასი სამხედრო მონაწილეობს. მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, სწავლებაში 250 ტანკი, 70 თვითმფრინავი და 200-მდე საარტილერიო სისტემაა მოზიდული, ეს კი დაახლოებით 13-14 პოლკია ყველაზე მოკრძალებული გათვლით. ანალიტიკოსის მოსაზრებით, ამ ჩამონათვალს თუ დავუმატებთ საჰაერო თავდაცვას, რადიოელექტრონულ ბრძოლას, მართვას, კავშირგაბმულობას და ლოჯისტიკას, ასევე ქვეით ქვედანაყოფებს, რომელთა საბრძოლო უზრუნველყოფისთვისაა ამხელა არმადა, საკმაოდ დიდ ციფრს ვიღებთ.
„დიდი მასშტაბის სამხედრო წრთვნების გამო, დასავლეთი რუსეთს ე.წ. ვენის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე იმაშია, რომ ამ დოკუმენტს ხელი 1990 წელს ეუთოს 58-მა წევრმა ქვეყანამ მოაწერა. დოკუმენტი განახლდა 1994 წელს და 2011 და 2014 წლებში გადაიხედა. მას ხელს რუსეთიც აწერს.
დოკუმენტი ქვეყნებს შორის ნდობის გასამყარებლად შეიქმნა და ამ დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია მეზობელ წევრ სახელმწიფოთა საზღვრებთან 9 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ნებისმიერი სწავლების ჩატარება. 9 ათასს ერთი ოცეულითაც რომ გადასცდეს, მხარე ვალდებულია 42 დღით ადრე შეატყობინოს წევრ ქვეყნებს.
რუსეთი უარყოფს გავრცელებულ ციფრებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მოზიდული ძალები მკვეთრად აღემატება ვენის დოკუმენტით შეთანხმებულს.
რაც შეეხება იმას, თუ რისთვის ემზადებიან ისინი, ამ სწავლებით, რუსეთი და ბელარუსი ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ და „მათი ლეგენდის“ მიხედვით, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ტერორისტთა შემოტევებს იგერიებენ.
„გასაგებია, რომ ჩრდილოეთიდან, ანუ ბალტიისპირეთიდან და დასავლეთიდან, ანუ აღმოსავლეთ ევროპიდან რუსეთის და ბელარუსის სახელმწიფოს ტერორისტული შემოტევები არ ემუქრება. იყო მოსაზრებები, რომ თითქოს, რუსეთი დასავლეთთან საომრად ემზადება და სწავლების მიზანიც ეს იყო. რა თქმა უნდა, ნატო-რუსეთის დაპირისპირება ჯერ მოსალოდნელი არაა.
სწავლების მიზანი ერთი მხრივ გეგმიური საბრძოლო მომზადებაა, მეორე მხრივ, ეს არის ძალის დემონსტრირება, რასაც თან ახლავს მთელი საინფორმაციო რესურსის გამოყენება“,- ამბობს გენერალი „მეტრონომთან“
ამირან სალუქვაძის აზრით, ასევე საყურადღებოა, რომ პარალელურად ტარდება რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სწავლებები, მასშტაბური წრთვნები რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, სწავლებები საზღვაო ფლოტებში და ამავე დროს, საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა სირიაში, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მონაწილეობით. ეს კი მიუთითებს რუსეთის სამხედრო პოტენციალის მკვეთრ ზრდაზე, რის დემონსტრირებასაც კრემლი აქტიურად ახორციელებს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი