უკრაინამ ვაშინგტონს წარუდგინა საკუთარი სამშვიდობო გეგმა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას ომის დასასრულებლად ტერიტორიული დათმობების ნაწილში. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. უკრაინული დოკუმენტის თანახმად, კიევი ყველა ამჟამად დაკავებულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს, ასევე, მოითხოვს სავალდებულო იურიდიული უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას აშშ-სა და მისი ევროპელი პარტნიორებისგან.
ევროპელი დიპლომატები და დასავლელი ოფიციალური პირები, რომლებიც უკრაინის დოკუმენტს გაეცნენ, ამბობენ, რომ უკრაინული წინადადება არის პასუხი ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც სამი კვირის წინ გამოქვეყნდა და რომელმაც ევროპის შეშფოთება გამოიწვია იმისა გამო, რომ ეს წინადადება რუსეთს მომგებიან პოზიციაში აყენებდა.
უკრაინული გეგმა 20 პუნქტისგან შედგება და დიპლომატების თქმით, თითქმის დანამდვილებით მიუღებელია მოსკოვისთვის. ამავდროულად, კიევი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეტი ტერიტორიის დათმობის მოთხოვნა, ფაქტობრივად, აგრესორის დაჯილდოებას წარმოადგენს. დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის კონტროლის შენარჩუნებას ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც, ტრამპის გეგმის თანახმად, რუსეთს უნდა გადასცემოდა.
გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ უარყო ამერიკის მოთხოვნა, ოფიციალურად დაფიქსირებულიყო უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. კიევი დაჟინებით მოითხოვს ალიანსის „ღია კარის“ პრინციპის შენარჩუნებას, თუმცა აღიარებს, რომ უკრაინის წევრობა შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა დაბლოკოს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადება სამი დოკუმენტისგან შედგება. ერთი ეხება ქვეყნის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, ხოლო მეორე ავალდებულებს აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოებს, დახმარება გაუწიონ უკრაინას რუსეთის აგრესიის განახლების შემთხვევაში.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი უნდა წარედგინოს აშშ-ის კონგრესს, რათა მათ იურიდიულად სავალდებულო ხასიათი მიეცეთ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გარანტიები მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც რუსეთმა დაარღვია.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე დაჟინებით მოითხოვენ უკრაინის გეგმის ცვლილებებს. კერძოდ, აშშ სთავაზობს „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას უკრაინის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილში, უკრაინელი და რუსული ჯარების ყოფნის გარეშე. ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოთქვა ამ იდეის მიმართ, რადგან ის არ ითვალისწინებს რუსული ძალების სრულ გაყვანას რეგიონიდან.

