ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა

13 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს აუქმებს, რის სანაცვლოდაც ბელარუსი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

“ეს ძალიან კარგი ნაბიჯია აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის,” თქვა კოულმა მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და დაამატა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ინსტრუქციების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს მოხსნის.

სანქციების მოხსნის გადაწყვეტილების პარალელურად, 13 დეკემბერს ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, ბელარუსის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კალესნიკოვა, და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ალეს ბიალიაცკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გათავისუფლებულებს შორის ხუთი უკრაინელიც იყო.

ტრამპის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ აშშ და ბელარუსი სანქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ და გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება შესაძლებელი.

აშშ-მ ბელარუსული Belaruskali 2021 წელს დაასანქცირა, რის გამოც მინსკს მოუწია, კალიუმის გადაზიდვა რუსეთის გავლით დაეწყო, რამაც ქვეყანა ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოვა რუსეთთან. 

იტვირთბა....