“ქართულმა ოცნებამ” ახალი სეზონი კონსტიტუციასთან დაკავშირებულ დიალოგზე უარის თქმით გახსნა, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე წერს, რომელიც ამით უმრავლესობის განცხადებას ეხმაურება:
“გაიხსნა ახალი პოლიტიკური სეზონი “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაზე დიალოგზე უარის თქმით. თქვეს, რომ მიიღებენ ისეთს, როგორიც დღეს არის. მოატყუეს ყველა, მათ შორის, ვენეციის კომისიაც.
შეგახსენებთ მაინც რაზეა საუბარი:
– ისევ შერეული (პროპორციული + მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის დატოვება 2020 წელს და არა მთლიანად პროპორციულზე გადასვლა, რასაც ყველა ვითხოვდით;
– ამასთან განსხვავებით დღევანდელისგან, პოლიტიკური ბლოკების აკრძალვა 2020 წელსაც;
– 2024 წლიდან პარტიებს შორის ასევე ბლოკების აკრძალვა და საარჩევნო ბარიერის 5%-ზე დატოვება. პრაქტიკულად ოპოზიციის გაერთიანებით ხელისუფლების დამარცხების გამორიცხვა ამ ნაბიჯით;
– 2024 წლიდან პრაქტიკულად 38% უნდა მიიღოს პირველმა ადგილმა, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. თუ მეორე და მესამე პარტიები ჯამში მასზე მეტს დააგროვებენ (ვთქვათ 49%-ს), ისინი მთავრობას ვერ დააკომპლექტებენ. ამგვარად გააუმჯობესეს პირველად შემოთავაზებული “მუსოლინის სისტემა”;
– უცხოელებზე მიწის გაყიდვის კონსტიტუციური აკრძალვა.
ოღონდ ეს ყველაფერი არ უშველის “ქართულ ოცნებას”. ნამდვილად არ უშველის. ისინიც დამარცხდებიან, როგორც ყველა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ორი საარჩევნო ციკლი მართა ეს ქვეყანა.”- წერს კაპანაძე.
ცნობისთვის, უმრავლესობამ დღეს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციასთან დიალოგი ვერ შედგა, შესაბამისად კონსტიტუციური ცვლილებები მათ გარეშე დამტკიცდება.