„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დედაქალაქის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან
თბილისის მერობის კანდიდატი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია “მეტრონომთან” ინტერვიუში, წინასაარჩევნო დაპირებებზე და მის შესრულების მექანიზმებზე საუბრობს. როგორ აფასებს საკუთარ შანსებს, რა შეცდომებს ხედავს ის ქალაქის მართვაში, რა სახის პრობლემები არსებობს ქალაქში და მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, რომლის მოგვარებას შეუდგება. დაიკავებს თუ არა გიგი უგულავა მის მთავრობაში რაიმე პოზიციას და იზიარებს თუ არა იმ შეცდომებს, რომელიც მისმა თანაგუნდელმა მერად ყოფნის პერიოდში დაუშვა. მეორე ტურის შემთხვევაში, ვინ იქნება ის კანდიდატი, რომელსაც ის და მისი პარტია მხარს დაუჭერენ – ამ და სხვა თემებზე ხოშტარია „მეტრონომთან“ საუბრობს.
„მეტრონომი“: თქვენ წინასაარჩევნო კამპანია, ქალაქის სხვადასხვა უბანში ცხოვრებით დაიწყეთ და ახლაც ინტერვიუს დროს ჩუღურეთის რაიონში იმყოფებით. ამ პერიოდის განმავლობაში, ძირითადად რა სახის პრობლემებს წააწყდით, რომელიც თქვენი მერად გახდომის შემთხვევაში პირველ რიგში იქნება მოსაგვარებელი?
ელენე ხოშტარია: პირველი პრობლემა რაც ქალაქში გადასაჭრელი იქნება, ეს არის თბილისში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. ეს არის უმშევრობა და მოუწესრიგებელი გარემო, რომელიც მოსახლეობას სრულ უიმედობაში აგდებს. ამ პერიოდის განმავლობაში რაც შევძელი ქალაქის რამდენიმე რაიონში უკვე ვიცხოვრე. ვნახე უმძიმეს ყოფაში მცხოვრები ხალხი, რომლებსაც სახლები თავზე ენგრევათ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. ქალაქში სრულიად მოუხერხებელი გადასასვლელები, ტროტუარები და სკვერებია. ამ ყველაფერთან ერთად კი ხალხს უსახური მშენებლობები არ აძლევს საშუალებას თავისუფლად ისუნთქონ.
გვხვდება უბნები, სამეზობლოები, სადაც ადგილობრივები თავად გამოდიან იდეებით, როგორ შეიძლება მათ ქუჩების გაკეთება. ახლა, ჩვენ ჩუღურეთში ვიმყოფებით, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ვხედავთ, რომ ამ რაიონს თავისი ძველი იერსახე არა აქვს დაკარგული და ტურისტული თვალსაზრისით აქ ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. სენტიმენტებს თავი, რომ დავანებოთ, შეგვიძლია ეს რესურსი თავად ადგილობრივების დასაქმებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოვიყენოთ.
– NDI-ის და „მეტრონომის“ გამოკითხვის მიხედვით, თქვენ მერობის კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილს იკავებთ. როგორ აფასებთ თქვენს შანსებს და ელით თუ არა რომ მეორე ტური იქნება?
– რა თქმა უნდა, მეორე ტური იქნება. მე როგორც მერობის კანდიდატი, ცხადია, რომ ამისთვის ვემზადები. რაც შეეხება ჩემს შანსებზე საუბარს, ვფიქრობ არაობიექტური იქნება, ამიტომ ამაზე მოსახლეობამ უნდა ისაუბროს და არჩევნების დროს ხმა უნდა მომცეს.
მე რაც შემიძლია ყველანაირად ვეცდები, რომ საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო და ავუხსნა მათ, როგორ ვაპირებ ჩემი დაპირებების შესრულებას. პოლიტიკოსების მიმართ თბილისელებს ნდობა არ აქვთ და ეს ყველა კანდიდატის მთავარი გამოწვევა მგონია. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩემი სიტყვა დაიჯეროს ამომრჩეველმა და ნდობა გამომიცხადოს.
– თქვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქალაქში ავტოპარკის და მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებაა, როგორ და რა გზით აპირებთ ამისთვის თანხების მოძიებას?
– ეს არის ყველაზე გრძელვადიანი რეფორმა, რომელიც ქალაქის ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. დავით ნარმანიას პრობლემა არის არა ის, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, არამედ ის, რომ მას ქალაქის განვითარების ხედვა არა გააჩნია და ამ ფულს არასწორად ხარჯავს. როდესაც წინასაარჩევნოდ ავტობუსების შემოყვანაზე ერთჯერად კონტრაქტს დებ, რა თქმა უნდა, ეს ქალაქს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ავტოპარკის განახლება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.
ჩვენ თუ 10-წლიანი კარგად გაწერილი გეგმა გვექნება, როგორ უნდა ჩავანაცვლოთ მოძველებული მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს უფრო მეტ ნაყოფს მოიტანს. ამის გაკეთება კი საერთაშორისო ფონდების მოზიდვით შეგვიძლია.
ჩვენი გრძელვადიანი გეგმა, ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო ტრანსპორტის ყიდვაა. ეს იქნება ტრამვაი თუ საბაგირო, რომელიც თავის მხრივ ქალაქში არსებულ საცობებს განტვირთავს. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ ამ კუთხით მუშაობა და ელექტრო ავტობუსები უნდა დავტესტოთ. ოღონდ აქ კონტრაქტები გრძელვადიანი უნდა იყოს.
– გარემოვაჭრეების პრობლემა ქალაქს სერიოზულად აწუხებს. რას აპირებთ ამ კუთხით?
– გარემოვაჭრეების პრობლემა, ეს არის ქალაქის ხელისუფლების უგულო პოლიტიკის ბრალი. ამაში როგორც ახლანდელს, ასევე წინა მერსაც ვადანაშაულებ. რა თქმა უნდა, იმ ფორმით გარევაჭრობა, როგორიც ახლა არსებობს, არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ხალხის მიმართ ასეთ მოქცევასაც არ ვეთანხმები.
ეს არის სახელმწიფოს შეუმდგარობის ბრალი და ამ ხალხზე ჯოხის გადატეხვა არ შეიძლება. პირველ როგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ ხედვა, როგორ შეიძლება ამ ადამიანების დაკმაყოფილება და მივცეთ ახალი შესაძლებლობები. პირველ რიგში, ქალაქში საფეხმავლო ბილიკების შექმნა უნდა მოხდეს, რაც თავისთავად მოძრაობას განტვირთავს და სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს.
საფეხმავლო ბილიკები ასევე იძლევა საშუალებას, რომ მცირე ბიზნესის განვითარებას შევუწყო ხელი და მათ შორის გარევაჭრობასაც. აქ შეგვიძლია მოვაწყოთ ძალიან სუფთა და ლამაზი დახლები, სადაც ეს ადამიანები დასაქმდებიან, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქებში ხდება.
– კომპანია „სითი პარკის“ ირგვლივ, რომელსაც ხელშეკრულება თქვენმა თანაგუნდელმა გიგი უგულუავამ გაუფორმა, თბილისელებს სერიოზული პრობლემები აქვთ. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას და მიგაჩნიათ თუ არა, რომ უგულავამ თავის დროზე შეცდომა დაუშვა?
– მხოლოდ „სითი პარკის“ გაგდება, არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი ხელშეკრულება და კომპანიამ არსებული ვალდებულებებს შესრულება ვერ მოახერხა. მართალია მათთვის გადასახდელი 25 მილიონი კომპესაციის სახით ქალაქს სერიოზულ ტვირთად აწევს, მაგრამ კონტრაქტის გადახედვა აუცილებლად უნდა მოხდეს. მოლაპარაკებებით ყველაფერი შესაძლებელია.
მათი გაგდებით, ქალაქში პარკინგის პრობლემა არ მოგვარდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში, მიწისქვეშა პარკინგები უნდა შეიქმნას. ჩვენ შეგვიძლია ფასით ადგილი და დრო ვმართოთ, რაც მოქნილი რეგულირების შესაძლებლობას გვაძლევს.
მაგალითად, გვეცოდინება, თუ პარასკევს, საღამოს შარდენზე, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა, საღამოს მანქანით წასვლა გვინდა ძვირი დაგვიჯდება, შესაბამისად იძულებული ვიქნებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავაადგილდეთ. საათობრივი რეგულაციის გარდა, ქალაქის საპარკინგე პრობლემებს არაფერი ეშველება.
– „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით რას ფიქრობთ. ძალიან ბევრი ურბანისტი ამ პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა?
– ეს გეგმა ყველა კუთხით კატასტროფაა. ნებისმიერ მმართველს რომ მოუნდეს, ქალაქის იერსახე ასე, სათავისოდ უნდა მოირგოს?! ეს ხომ წარმოუდგენელი იქნება. მითუმეტეს, მთელი სახელმწიფო მანქანაა ამუშავებული, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაკმაყოფილება მოხდეს.
– თუ დაინიშნა მეორე ტური და თქვენ ვერ გადახვედით, რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს. შეიძლება ეს იყოს ალეკო ელისაშვილი?
– რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ მეორე ტურში გავიდე, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდება, ნებისმიერ კანდიდატს მხარს დავუჭერ, რომლის სურვილიც „ოცნების“ დამარცხება იქნება და პროდასავლური ორიენტაცია ექნება.
– თქვენი მერობის შემთხვევაში გიგი უგულავა თუ დაიკავებს რაიმე თანამდებობას და იზიარებთ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ თანაგუნდელებს წინა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეკისრებათ?
– გიგი უგულავას თავად რომ სურვილი ჰქონოდა ამ სისტემაში მუშაობის მაშინ მერობაზე კენჭს კვლავ იყრიდა. რა თქმა უნდა, საერთოდ ის არ მოიზარება ამ სფეროში. არ ვუარყოფ, რომ უგულავას გარკვეული შეცდომები ჰქონდა და მიუხედევად ჩვენი სხვადასხვა ხედვისა რიგ საკითხებში, ის მაინც ჩემი თანაგუნდელია და იმ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც ვიღებ, რაც მისი და სხვა პარტიის წევრების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკისრებათ. ასევე, ვიზიარებ იმ გამოცდილებასაც რაც გიგი უგულავამ ქალაქის მშენებლობის კუთხით განახორციელა.
– ელით თუ არა რომ, მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებს?
– ველი კი არა და უკვე იყენებენ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ეს ადვილად გადასამოწმებელია, მერიაში აიყვანეს სერიოზული პიარ- სპეციალისტები, რომლებსაც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან უხდიან.
დაუნიშნეს მაღალი ხელფასები და ხალხის ხარჯზე, კახი კალაძე საკუთარ წინასაარჩევნო პიარკამპანიას აწარმოებს. თბილისელების იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ოცნებას“ უკვე აღარაფერი ეშველება. ეს არჩევნები იქნება სერიოზული ტესტი და პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი