თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო უნივერსალური გადახდის სისტემის კონკურსი მალე გამოცხადდება. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხმარებელს შეეძლება მეტროს ბარათების გარდა სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები გამოიყენონ.
ნარმანიას თქმით, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.
“ჩვენ საკმაოდ მოცულობითი კვლევები ჩავატარეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი ეტაპიც იყო ახალი ავტობუსების პროექტი, მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენი შემდგომი პრიორიტეტია. ცვლილებები ეხება ხარისხის გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე ტარიფთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გადახდის სისტემა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ახალი, უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი, სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენებით, რაც ტურისტებისთვისაც ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტული იქნება”, – განაცხადა ნარმანიამ.
მანვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებები ხვალ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთდება.