19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მიერ, გუშინ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.”
“დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ მევალება).
თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.
1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც “ტოიოტა”-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).
რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.
თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.
2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი-ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე-გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.
რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით?
სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია!
P.S
რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)…” – წერს ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიები ექსპერიმენტი ჩაატარეს.
გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.