ფასების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მოკლევადიან პერიოდში, ბაზარზე, ბერძნული ან ფრანგული მსუბუქი ინტერვენცია განგვეხორციელებინა, ამ რეკომენდაციის ფარგლებში, ქსელებმა სურვილი გამოთქვეს, რომ საოჯახო კალათა შეექმნათ, სადაც 15 საბაზისო პროდუქტი შევიდა და თავიანთ ქსელებში საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს, – ამის შესახებ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, თუ აღნიშნული პროცესის პარალელურად კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში სპეციალური ციფრული პლატფორმა შეიქმნება, სადაც აღნიშნული ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად ატვირთავენ.
„ეს იმიტომ არის კარგი, რომ პირველ რიგში, მომხმარებელი საუკეთესო ფასებთან დაკავშირებით უფრო ინფორმირებული იქნება. ასევე, სექტორში გამჭვირვალობა იქნება. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქსელებს შორის კონკურენციას. კონკურენცია საუკეთესო მექანიზმია, როდესაც მომხმარებელი საუკეთესო ფასს იღებს. აღნიშნული მოდელი ბაზრის თავისუფლებას, კონკურენციას და გამჭვირვალობას ეფუძნება, რაც ყოველთვის ჩვენი მიზანი იყო. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი საუკეთესო ფასს მიიღებს. აღნიშნული პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ეს იქნება არა ერთჯერადი პროცესი, არამედ მუდმივი. ეს ჩვენი სტრატეგიის მოკლევადიანი შედეგის მიმართულებაა. როგორც იცით, კომისიის ფარგლებში, ჩვენ საშუალოვადიანი რეკომენდაციებიც გავეცით, რომელიც სექტორის რეფორმას და ასევე, მიწოდების ჯაჭვის გამოკლებას ეხებოდა. პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და მივაღწევთ იმას, რომ სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო ეფექტური გახდება, დამატებითი ხარჯები შემცირდება და ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო შედეგს მიიღებს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

