ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით საქართველოსგან თავის გაწირვას ითხოვს, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა.
„ვიცით, რომ მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა ყველაზე ახლოს იყო, ომის გაგრძელების მთავარი კატალიზატორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ახლა თვითონ ბრიტანეთი ამსუბუქებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მათივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ისინი აქეზებენ რუსეთის უკრაინაში თავდასხმას. აქამდე მივიდა ბრიტანული მმართველობა დღეს და ეს თუ ვინმეს მოსწონს, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ პოზიციაში ჩააყენებს საკუთარ თავს. მეორე მხრივ, როდესაც ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით ითხოვს საქართველოსგან თავის გაწირვას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ, ჩვენს ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლება, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ არც უკრაინის, არც უკრაინელი ხალხის ბედი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსულ ნედლ ნავთობთან დაკავშირებული სანქციები შეამსუბუქა. კერძოდ, ქვეყანაში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული საავიაციო საწვავის და დიზელის იმპორტი დაუშვა, თუ ისინი მესამე ქვეყნებში იქნება გადამუშავებული.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით კი, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციები ძალაში რჩება და ახალი, უფრო მკაცრი ზომები მხოლოდ ეტაპობრივ გამონაკლისებს მოიცავს.
სტარმერის მტკიცებით, საქმე საერთოდ არ ეხება არსებული სანქციების შემსუბუქებას.
„რაც გუშინ გამოვაცხადეთ, არის ახალი, მკაცრი სანქციების პაკეტი. ის მოიცავს ახალ აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო მომსახურებებზე და ასევე ახალ შეზღუდვებს რუსეთიდან შემოსულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. ამასთანავე, გამოვეცით ორი მიზნობრივი მოკლევადიანი ლიცენზია, რათა ახალი სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდეს და ბრიტანელი მომხმარებლები დავიცვათ. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არის ახალი სანქციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება. აქ არანაირად არ დგას არსებული სანქციების მოხსნის საკითხი, და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას სანქციების დამატებით პაკეტებზე“, – აღნიშნა სტარმერმა.

