პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. საფინანსო კორპორაცია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულმა აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.
დაკავებულია აქციის 4 მონაწილე. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
აქციაზე ასევე შეუძლოდ გახდა რამდენიმე მომიტინგე, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
დაპირისპირების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაკეტილი იყო. ამ წუთებში მოძრაობა მხოლოდ ნაწილობრივაა შეზღუდული.
დაზარალებულების მტკიცებით, მძიმე მდგომარეობის გამო დაზარალებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, საფინანსო კომპანია “საქართველომ” 2 300-ზე მეტი მეანაბრე დააზარალა. კომპანიის ვალი ათეულობით მილიონს აღწევს. საკითხის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა. დაზარალებულები კანონმდებლების მუშაობით უკმაყოფილონი არიან. საქმეს საქალაქო სასამართლოც განიხილავს. დაზარალებულების მტკიცებით, პროცესი განზრახ ჭიანურდება. დაზარალებულების ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს.