რა მოხდა რუსთავის თეატრში, რატომ დატოვა ნანუკა ხუსკივაძემ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი და პროდიუსერი, ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”უკანასკნელ პერიოდში, სხვადასხვა სააგენტოების და ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციით ინფორმაცია, რომ თითქოსდა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სახელმწიფო მუნიციპალური თეატრის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილა ქალაქის მთავრობამ დირექტორის პოსტზე და ეს გახდა ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძის მიერ, პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების მიზეზი, რაც არ შეეფერება სიმართლეს. რა თქმა უნდა, მიზეზი აბსულუტურად სხვა გახლდათ და უფრო მწვავე ვიდრე ზემოთ აღნიშნული. სინამდვილეში მოხდა შემდეგნაირად – ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა ნანუკა ხუსკივაძემ. სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს პოსტი დაეკავებინა ქალბატონ ნანუკა ხუსკივაძეს, რაც აბსულუტურად სწორი და იდეალური გადაწყვეტილება იყო. შემდგომ, რა თქმა უნდა, ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე ოფიციალურად დაინიშნა ნანუკა ხუსკივაძე. თეატრის შესახებ კანონის თანახმად, დირექტორს ნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელი- ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა შემომთავაზა ქალბატონმა ნანუკამ მე.
ჩემთვის ეს იყო აბსულუტურად მოულოდნელი. მეც მივიღე ეს შემოთავაზება, რადგან ნანუკამ გამომიცხადა დიდი ნდობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია, დიდი გამოწვევა. გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მსურდა ჩემი რესურსი და გამოცდილება გამომეყენებინა თეატრის განვითარებისთვის. გვსურდა, ერთ-ერთ წარმატებულ და მიმზიდველ თეატრად გვექცია.
დიდი მადლობა მინდა სახალხოდ გადავუხადო ქალბატონ ნანუკას, რადგან არჩევანი ჩემზე შეაჩერა – უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე. ჩვენ შევიმუშავეთ მკაფიოდ გაწერილი პრინციპული სქემა თეატრის განვითარებისთვის. გვქონდა დიდი გეგმები და ამბიციები რომ თეატრი ერთ-ერთ პრესტიჟულ და წარმატებულ კერად გვექცია. ბოლო რამდენიმე წელია თეატრი იმყოფება კატასტროფულ მდგომარეობაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ თეატრი თეატრს არ გავს, ფუნქციადაკარგულ და უმოქმედო კომერციულ ფართად არის გადაქცეული, რეიტინგი- ნულზე დაბალი მაჩვენებელით და აბსულუტურად დაულაგებელი სისტემით. გვინდოდა თეატრში განგვეხორციელებინა რამდენიმე საკადრო ცვლილება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მომავალი გეგმების განსახორციელებლად. პირველი – დირექტორის ჩემი კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ, რაც ქალბატონი ნანუკას დიდი სურვილი იყო, ქალაქის მთავრობამაც დადებითი რეაქცია გამოხატა, მაგრამ რატომღაც უცნაურად და დაჟინებით მოითხოვდნენ ყოფილი დირექტორის სამი თვით შენახვას არსებულ თანამდებობაზე, რაც უცნაური და საეჭვოა. ქალაქის მერმა პირადად არაერთხელ განგვიცხადა, რომ სამი თვის შემდეგ თეატრში რეორგანიზაცია და კადრების შერჩევა ჩვენი სურვილით მოხდებოდა. ასევე ვთხოვეთ მთავარი ბუღალტერის, იურისტის და შესყიდვების თანამდებობების ჩანაცვლება უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია და ბუნებრივია ახალი ხელმძღვანელების მხრიდან, მაგრამ უარი მივიღეთ კონკრეტულად მერისგან. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ კერძო აუდიტის შეყვანა და წარსულში ვითარების შესწავლა, მაგრამ ამაზეც იყო უარი და თავშეკავება მერის მხრიდან. საბუთებში იყო გარკვეული პრობლემები, ასევე საშტატო ხელშეკრულებებშიც საკმაოდ არასწორი მიმართულებები, რაც სავსებით ლოგიკურს ხდიდა ჩვენი მხრიდან მსგავსი მოთხოვნების აღსრულებას, რადგან გვინდოდა ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა სისტემა ამ თეატრში, რომელიც თეატრს არ გავს. ეს სხვა დაწესებულებას უფრო მაგონებს, ცისფერი მთების მსგავსს… ამ საკითხებზე ქალაქის მთავრობას ჰქონდა არაადეკვატური პოზიცია, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალბატონ ნანუკას საკუთარი სურვილით დაეტოვებინა რამდენიმე დღით დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად, მეც დავემშვიდობე რუსთავის თეატრს. ეს იყო აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სხვა შემთხვევაში ერთი წუთითაც არ ღირდა და არც შეიძლებოდა გაჩერება იდუმალებით მოსილ და ჩახლართულ სისტემაში. მათ არ აქვთ სურვილი ჰქონდეთ გამართული და წარმატებული თეატრი, ვინაიდან უცნაურად ხიბლავთ ის არარსებული ორგანიზაცია, რომელსაც თეატრს ეძახიან. ეს აბსოლუტრურად სხვაა დაწესებულებაა, ცისფერი მთების მსგავსი. “შაბიამნის ახალი პარტია მოაქვთ, არ გვჭირდება მაგრამ მაინც მოაქვთ”… – ნათქვამია მინაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე უარი თქვა. ასევე უარი თქვა რუსთავის თეატრის დირექტორობაზე რუსთაველის თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა. ნანუკა ხუსკივაძემ და ედმონდ მინაშვილმა რუსთავის მერს წასვლის შესახებ წერილობით მიმართეს.
6-კაციანმა კომისიამ ნანუკა ხუსკივაძე 6 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით შეარჩია და 5 აპრილს ქალაქის მერს მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.