“ღამის მგლების” ერთ-ერთი წევრის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს. როგორც “მეტრონომს” უწყებიდან აცნობეს, თბილისში, ბაიკერთა კლუბის წევრი ტურისტული მიზნით შემოვიდა:
“სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების – ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს.”-აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ღამით “ღამის მგლები” საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს.
თუმცა დღეს ერთ-ერთმა ფეისბუქმომხარებელმა დადო სურათები, სადაც თბილისში მყოფი “ღამის მგლების” ერთ-ერთი წევრია ასახული.