პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა რეალურად იღებს არა საპარლამენტო რესპუბლიკას, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავა პრემიერ-მინისტრთან.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტისთვის ფორმალურად დატოვებულია ფუნქცია, მაგრამ რეალურად, ყველა ფუნქციას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა და ეს ფუნქციები პრემიერ-მინისტრის მიმართულებითაა გადასული.
„ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან, თორემ თვისობრივად არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით არაფერი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.