ავტორი: ელზა პაპოშვილი
მას შემდეგ, რაც თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტის ხელში განუზომლად დიდი და დაუბალანსებელი ძალაუფლების თავმოყრა გახდება შესაძლებელი, მსოფლიოში სულ უფრო აქტიური ხდება იმაზე მსჯელობა, როგორ წარმართავს ერდოღანი ამ უფლებებს და ამ ფონზე რა სახის საგარეო და შიდა პოლიტიკას გაატარებს. როგორ აღიქმება მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოს თვალით და რა პროცესებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ ღირებულებებს?
ქართველი ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირის იმედების გაცრუება უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო. ბოლო პერიოდში ძალიან მკაცრი იყო ბრიუსელის მისამართით თავად რეჯებ ტაიპ ერდოანის რიტორიკაც, რომელიც ევროპასთან ურთიერთობების მომავალს ეხებოდა.
ანკარის მხრიდან ლაპარაკი იყო ასევე სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებაზე, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან.
ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერების შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ანკარის ურთიერთობა დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები საქართველომაც იწვნიოს.
თუკი თურქეთმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გზიდან გადაუხვია და საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება თავის ტერიტორიაზე ანკარის რბილ ძალასთან გამკლავების კუთხით.
თუმცა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო საქართველო – ნატოს ასპირანტი და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა აისახოს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში რეფერენდუმის შედეგად გაირკვა, რომ მონაწილეთა 51%-ზე მეტმა მხარი თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევას მხარი დაუჭირა, რომლის პრეზიდენტიც აღჭურვილი იქნება ძლიერი ბერკეტებით – მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები.
თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს, შესაძლებლობა ექნება 2029 წლამდე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, ერთპიროვნულად დანიშნოს მინისტრები, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები, შეარჩიოს მოსამართლეები თუ დაშალოს პარლამენტი.
თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და პრეზიდენტის ისედაც ფართო უფლებების კიდევ უფრო გაფართოების ბერკეტები ასახულია 18 პუნქტისგან შემდგარ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც თურქეთის მოქალაქეებმა 16 აპრილს რეფერენდუმზე გამოხატეს.
მაშინ, როცა ძალაუფლების გაფართოებასა და განმტკიცებას რეჯებ ერდოღანის მომხრეები სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების განხორციელების ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, მოწინააღმდეგეები და საერთაშორისო თანამეგობრობა დემოკრატიის შესაძლო ხელყოფასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს.
კვირა საღამოს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
გენერალი და საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ერდოღანის მიმართ, ევროკავშირმა თავისი შეშფოთება უკვე გამოხატა. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა ერდოღანის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს მკაცრად დააკვირდება და გააკონტროლებს. სალუქვაძის თქმით, ფაქტობრივად, მოუწოდებენ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას არ დაარღვიონ ადრე მიღწეული შეთანხმებები.
ანალიტიკოსის აზრით, ევროპას, გარდა საპრეზიდენტო ვერტიკალის გამყარებისა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ქვეყანაში ძალაუფლების დისბალანსი პრეზიდენტის სასარგებლოდ, სიკვდილის დასჯის დაკანონება აწუხებთ.
სალუქვაძის განცხადებით, მისთვის გასაკვირია რატომ ელოდებოდა დასავლეთი მთელი წელი, როდის ჩაატარებდა თურქეთი რეფერენდუმს და მხოლოდ ახლა აკეთებენ მკაცრ განცხადებებს. მისი თქმით, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ თურქეთის წინა პრემიერის, ამეთ დავუთოღლუს გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებას.
სალუქვაძის თქმით, მას ახსოვს არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გაკეთებული განცხადებები და გატარებული ზომებიც, როცა ათასობით ადამიანი, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები იქნენ დაპატიმრებულნი. ყველაფერი ხომ აქეთკენ მიდიოდა?
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, ანალიტოკოსი ფიქრობს, რომ თურქეთს დიდი ხანია იმედები გაცრუებული აქვს. თუმცა, არც სათანადო რეფორმები გაუტარებია. ამის მიუხედავად ურთიერთობათა დაძაბვას არ უნდა ველოდეთ, რადგან თურქეთი ნატოს წვერი ქვეყანაა. როგორც ვიხილეთ აშშ-ს პრეზიდენტმაც მიულოცა თავის თურქ კოლეგას რეფერენდუმის შედეგები.
„თვითონ რეფერენდუმი ჯერ არ ნიშნავს არაფერს. მიღებული გადაწყვეტილება 18-პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეალიზებას მოითხოვს.
რა თქმა უნდა, იმ ფონზე, რაც თურქეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, კერძოდ გადატრიალების მცდელობა, სირიაში შეჭრა, რუსეთის ელჩის მკვლელობა, ტერაქტები, საბრძოლო მოქმედებები თურქეთის სამხრეთ რაიონებში და სხვა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უფრო უკეთეს შედეგებს ელოდა. 52% – ეს არაა ნდობის ის ხარისხი, რომ თამამად შეუდგეს მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას.
შესაბამისად, ერდოღანი ფრთხილად და მოზომილად იმოქმედებს. არაა გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეტაპობრივად განახორციელოს და საზოგადოების განწყობებს გაუწიოს ანგარიში.
შესაძლოა სიკვდილით დასჯის აღდგენა მომავლისთვის გადადოს, რათა არც საკუთარი საზოგადოების, არც ევროკავშირის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს. თუმცა, სტამბოლის ტერაქტის შემდეგ ხალხის სკანდირებები სიკვდილის დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით.
ერდოღანი გამოცდილი პოლიტიკოსია და უნდა ველოდოთ მის ახალ სვლებს, რომლებიც მას მეტ მხარდაჭერას მოუპოვებს. ის საპროტესტო ტალღა, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ერდოღანმა დასახულ მიზანზე უარი თქვას.
ის 2003 წლიდან იმყოფება თურქეთის სათავეში, ჯერ როგორც პრემიერი, შემდეგ პრეზიდენტის სახით. გაპრეზიდენტების შემდეგ მოქმედი კონსტიტუციით, ის ჩრდილში უნდა გადასულიყო და წინა პლანზე მისი შემცვლელი, პრემიერი დავუთოღლუ უნდა გვეხილა, თუმცა პირიქით მოხდა და მიუხედავად ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციისა, რომლის მიხედვით სიმძიმის ცენტრი პრემიერის ხელშია, ერდოღანმა საკუთარი გავლენა სრულად შეინარჩუნა. რეფერენდუმის შედეგების შემდეგ კი ის არსებულ რეალობას კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს.
ყველაფერი ისევე გაგრძელდება როგორც ადრე. სამეზობლო პოლიტიკაში თურქეთის ხელისუფლებას, კერძოდ ერდოღანს ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთის შიდა საკონსტიტუციო მოდელი ხელს არაფერზე უშლიდა.
კვირას ჩატარებული რეფერენდუმი თურქეთის შიდა საკითხია და ჩვენ ზედმეტი კრიტიკული რიტორიკისგან თავი უნდა შევიკავოთ. ეს არაფრის მომტანი არაა. საქართველო დაინტერესებულია თურქეთთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებაზე და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“ -ამბობს „მეტრონომთან“ სალუქვაძე.
მისი თქმით, საქართველო ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება და თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი დიდად ჩვენთვის ვერაფერს შეცვლის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, რუსეთ-დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა სანქციების და სირიის მოვლენების ფონზე გრძელდება, აშშ-რუსეთის ურთიერთობათა დათბობა ჯერ-ჯერობით პერსპექტივის საკითხად რჩება, ყარაბაღის კონფლიქტი ისევ ფეთქებადია, რადგან მილიარდობით დოლარის შეიარაღება და ტექნიკა იყრის თავს, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დამშვიდება მოსალოდნელი არაა. ამ ფონზე სიმშვიდის ფუფუნება არ გვაქვს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი უცვლელი უნდა დარჩეს, საჭიროა მეტად გააქტიურება საგარეო მიმართულებით. რუსეთთანაც უნდა მოხერხდეს გარდატეხის შეტანა ყველა რესურსების, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობის გამოყენებით.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თურქეთი ავტორიტარული სახელმწიფო ხდება და ლიბერალურ მოდელზე უარს ამბობს, ეს კი საკმაოდ საგანგაშოა.
გოგოლაშვილის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგებზე რეაქციები დასავლეთში და თურქეთშიც საკმაოდ მკვეთრია.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შედეგები საქართველოსთვისაც სახარბიელო არ არის, რადგანაც თურქეთთან ურთიერთობა განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც მეზობელთან ურთიერთობით, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების კუთხით.
„თურქეთი საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით გააგრძელებს, თუ ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაფუჭდა. თუმცა ყოველთვის სარისკოა ურთიერთობა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია, თავისი ავტორიტარიზმი გადაიტანოს საგარეო ურთიერთობებში და შეეცადოს, საქართველოს უკარნახოს, განუსაზღვროს შიდა, ან გარე პოლიტიკური საკითხები.
ამის ნათელი მაგალითი კი მეზობელი რუსეთია, რომლიც მუდმივად ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას ცდილობს. ის ავტორიტარული სახელმწიფოა და მისი პოლიტიკაც შესაბამისია. ახლა წარმოიდგინეთ კიდევ ერთი ასეთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც საკამოდ მჭიდრო და თითქმის ყველა სფეროში პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. თუკი თურქეთიც რუსეთის მსგავსი სახელმწიფო გახდება, რა თქმა უნდა, რომ ისიც საქართველოს შიდა თუ გარე საქმეებში ჩარევას მოინდომებს. ეს კი ისედაც მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში მცხოვრებ საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდება.
თუმცა მგონია, რომ თურქეთის ნატო-ში ყოფნას არაფერი ემუქრება, რადგანაც თურქეთი მაშინაც კი იყო ნატო-ს წევრი, როდესაც კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
ამ შემთხვევაშიც, თურქეთის დემოკრატიული გზიდან სერიოზულად გადახვევის ნიშნები არსებობს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევს პრეზიდენტს. მას შეუძლია დაშალოს პარლამენტი, მაშინ როცა პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
პრაქტიკულად, ერთმმართველი ხდება. გარდა ამისა, ოპოზიციური აზრის მქონე ადამიანები ძალიან შეავიწროვეს – ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან. ასპარეზი გახსნილი აქვს ავტორიტარიზმს თურქეთში და ეს, რა თქმა უნდა, სახიფათოა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ერდოღანმა რეფერენდუმი ძალიან მცირე პროცენტით მოიგო და ისიც რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხით, რაც სიმშვიდის ქონის საშუალებას ნამდვილად არ აძლევს. თუმცა, იმედს იძლევა, რომ თურქეთში დემოკრატიული ძალები არსებობს და შესაძლებელია მათი გაძლიერება.
საერთაშორისო ექსპერტი გიორგი რუხაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი და მისი შედეგები თუ მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები იქნება, მაშინ ევროპაც იძულებული იქნება, რომ ამ შედეგების ლეგიტიმაცია ცნოს.
თუმცა, რუხაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირი თვალს არ დახუჭავს, თუ ამ ცვლილებების შედეგად კონსტიტუციაში თურქეთი უფრო ავტორიტარული მმართველობის მიმართულებით წავა.
მისი აზრით, ევროპის რეაქცია იმის მიხედვით განვითარდება, თუ როგორი იქნება თურქი ხალხის რეაქცია და მოქმედება ერდოღანის პოლიტიკის მიმართ. ანალიტიკოსის აზრით, თუ ერდოღანმა მეორე რეფერენდუმის სახით სიკვდილით დასჯა აღადგინა, მაშინ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება და თურქეთთან მოლაპარაკებებსაც შეაჩერებს.
რუხაძის განცხადებით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური მეზობელი ჰყავდეს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ევროპასა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება არსებობს და სირიიდან მომავალ ემიგრანტებს აჩერებს.
„თუ რეფერენდუმის შედეგების რეგისტრაცია მოხდა, მაშინ გამოდის რომ ერდოღანმა დასახულ მიზანს მიაღწია და მან თურქეთი მთლიანად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა.
შესაბამისად, მთელი დაპირისპირება, რასაც ევროპის რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ვხედავდით, ყველაფერი კავშირში ამ მიზნის მიღწევის გზასთან იყო. ერდოღანი ცდილობდა, რომ თავისი პოტენციური მხარდამჭერების კონსოლიდაცია მოეხდინა.
რეფერენდუმის შემდეგ კი მის წინაშე სრულიად სხვა სახის ამოცანები დგას. რეფერენდუმის შედეგებით, მომხრეების და მოწინაღმდეგეების რაოდენობა თანაბარია, რაც ერდოღანს უკვე სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგანაც ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რისი რისკიც ნამდვილად არსებობს.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ის მაქსიმალურად ფრთხილი იქნება და ის ყველა ნაბიჯს კარგად გათვლის. ის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, რომლიც 2019 წელს უნდა შევიდეს, საკმაოდ ფრთხილად იმოქმედებს. ერდოღანი საკმაოდ ფრთხილი პოლიტიკოსია და ორივე მხარეს მოუსმენს“, – ამბობს რუხაძე.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ეს რეფერენდუმი არაფერს ცვლის. საქართველოს მიმართ ინტერესები რადიკალურად არ იცვლება, ამ ორ ქვეყანას ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ექნება.
რუხაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის რეგიონში თურქეთი სტარტეგიული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ თურქეთში რაც არ უნდა მოხდეს, საქართველომ მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა შეინარჩუნოს.