აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

შსს ვალდებულია გამოიძიოს: დენთის კასრი, რომელმაც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებს დაარტყას

„ეს პროტესტის ქართული ფორმა არ იყო“: სოციალური აფეთქება თუ პოლიტიკური პროვოკაცია

ბათუმში მომხდარი ფაქტის შემდეგ, საზოგადოებაში დისკუსია არ წყდება  და პოლიტიკოსებთან ერთად ეძებენ მიზეზს, თუ რა მოხდა რეალურად 11 მარტს ბათუმში.  ვინ მოახდინა აქციის მონაწილეების პროვოცირება, რომელიც სეპარატისტულ განცხადებებსა და ვანდალიზმში გადაიზარდა.

ეს იყო სოცილური ნიშნით დაწყებული აქცია-პროტესტი თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის უკანაც შესაძლოა დაინტერესებული ძალები იდგნენ. „მეტრონომმა“  ფაქტის ანალიზისთვის ანალიტიკოსებს მიმართა.

მათი უმეტესობა ამბობს, რომ ბათუმში განვითარებული პროცესების მიზეზები კომპლექსურია და  ყველა მათგანის გათვალისწინება უნდა მოხდეს, რათა  ქვეყანამ შემდგომი ესკალაციის თავიდან  არიდება შეძლოს.

პოლიტოლოგების აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ეგონა, რომ რადგან მას მეტ-ნაკლებად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპოზიცია აღარ ჰყავს, სოციალური უკმაყოფილებით ვერავინ ისარგებლებდა და პროვოცირების საშიშროება ნაკლებად იყო.

თუმცა, ბათუმში მომხდარმა მოვლენებმა ყველა დაარწმუნა, რომ საფრთხე უფრო სერიოზული და მასშტაბურია, რომელმაც შესაძლოა მთელი საქართველო მოიცვას. მათი აზრით, სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის, ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, ბათუმში მოხმდარი ფაქტი მოსალოდნელი იყო, რადგანაც ქვეყანაში საკამოდ მძიმე სოცილური კრიზისია.

ხუხაშვილის აზრით, ეს იყო სპონტანური სოციალური ბუნტი, რომლის გამოყენებაც გარკვეულმა ძალებმა სცადეს. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მსგავსი აფეთქების საშიშროება არსებობს.

მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული სოცილური კრიზისი, შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმაც გამოიყენონ, რისი ნიშნებიც ბათუმში შეიმჩნეოდა. ანალიტიკოსის განცხდებით, არ არის გამორიცხული, რომ აჭარაში მომხდარი ფაქტი ერთგვარი სატესტო შემოწმება ყოფილიყო.

ეს შეიძლება როგორც რუსეთის, ასევე თურქული სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდეს. ანალიტიკოსი შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ საკადრო პოლიტიკა, რომელსაც მინისტრი აჭარაში ახორციელებს გადასახედია.

მისივე თქმით, გამოსაძიებელია ფაქტი, სინამდვილეში აჭარის პოლიციის უფროსმა მიაყენა თუ არა ადგილობრივებს შეურაცხყოფა და მათ თათრები მართლა უწოდა თუ არა.

ხუხაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” პრობლემის გადაბრალებას თავი დაანებოს და სწორი ანალიზი გააკეთოს, რათა მსგავსი ფაქტის განმეორების საშიშროება არსებობს.

„სიღრმისეული კვლევა ნამდვილად საჭიროა და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევის კარგად გამოკვლევა სჭირდება. თუმცა, ამის პრობლემას უკვე ვხედავ. ეს იყო სოციალური აფექტი, რომელიც შემდეგ პოლიტიკურად შეიფუთა.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ პრობლემას, როგორც სხვა ყველაფერს, “ნაციონალური მოძრაობის” პრიზმაში უყუროს. პრემიერმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ  ქვეყანაში ცხოვრება მშვენიერია, თუმცა ამაში ხელს “ნაციონალები” გვიშლიან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გამოაკვლიოს, სინამდვილეში, ჰქონდა თუ არა ადგილი აჭარის პოლიციის უფროსის მხრიდან სეპარატისტულ განცხადებას და მან ადგილობრივებს მართლა ხომ არ მიაყენა შეურაცხყოფა. მე რასაც ვხედავ მინისტრი ასეთი საკადრო ცვლილებებით ადგილობრივების გაღიაზიანებას იწვევს. აქ საუბარი გორელზე და მეგრელზე არ არის.

საუბარია იმაზე, რომ სხვა რეგიონიდან ადამიანი, რომ არ ჩამოიყვანო ადგილობრივი დანიშნე ვინმე. აჭარაში ისედაც ტოტალური უმუშევრობაა და სხვა რეგიონიდან სამუშაოდ ხალხი რომ მოგყავს, ფაქტია რომ აჭარლების გაღიზიანებას იწვევს. ახალმა პოლიციის უფროსმა სამსახურიდან ადგილობრივების დიდი ნაწილი გაუშვა და თავისი გუნდი მოიყვანა. ეს კიდევ ერთი პროვოკაციის მიზეზი, რომელსაც გარკვეული ძალები გამოიყენებენ.

“ქართულმა ოცნებამ” როგორც ყოველთვის ჩვეული პოზა მოირგო, ისინი კეთილ ძალად გამოჩდნენ, “ნაციონალები” ბოროტად, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს. სხვა არაფერი ხდება, არც უმუშევრობაა არც ეკონომიკური კრიზისი, მთავარია არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაფერს დააბრალებენ“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ეს არის დაგროვილი პრობლემების აფექტური გამოხატვა. ხუხაშვილის აზრით, პატრულმა მოქალაქეები, რომლებიც კანონს არღვევენ უნდა დააჯარიმოს, მაგრამ როცა ადამიანებს სამსახურები არა აქვთ და სოციალურად უჭირს, მისთვის ასი და ორასი ლარი უკვე დიდი თანხაა.

ხოლო თუ ეს ბევრის პრობლემაა, ფაქტია მათ სოლიდარობას ვიღაცეები გამოუცხადებენ, რაც მასობრივ სახეს მიიღებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბათუმში სწორედ ეს მოხდა და გარკვეულმა ძალებმა ამით უბრალოდ სარგებლის ნახვა სცადეს.

რაც შეეხება ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას, ხუხაშვილის აზრით, ეს კრიზის-მენეჯმენტში არსებული ხარვეზების ბრალია. მას მიაჩნია, რომ ეს  მაღალი პროფესიონალიზმის საკითხია. ხელისუფლებას ასეთ სიტუაციაში დროული და ადეკვატური ანალიზის გაკეთება უჭირს.

„ერთის მხრივ ხელისუფლების სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან განსხვავებით, ასეთ ვითარებაში სადამსჯელო ღონისძიებებს არ ახორციელებს. დღევანდელი ხელისუფლება იმის შიშით, რომ ძალას არ გადაამეტოს, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს.

ამით კი მაინც და მაინც კარგ შედეგს ვერ იღებს. მეც მგონია, რომ ამ აქციის ჩახშობა უფრო ოპერატიულად შეიძლებოდა და ის ასეთ მასშტაბურ და ვანდალურ სახეს არ მიიღებდა. ეს არის კონკრეტული ხარვეზები რაც უნდა გაირკვეს და გაანალიზდეს.

„რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც ასეთ სიტუაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აუცილებლად გამოიყენებენ.

როდესაც ასეთი სოციალური უკმაყოფილებაა, ვიღაცა ამით ხეირს ყოველთვის ნახავს. ამ დროს უცხოური სპეცსამსახურები აქტიურობას იწყებენ, არა აქვს მნიშვნელობა რუსულია ეს, თუ თურქული.

ორივე ქვეყნის ინტერესებში ეს რეგიონი შედის. ისინი ამ დროს სიტუაციის მოდელირებას, ან ტესტირებას ახდენენ. ასეთი მოძრაობის პოტენციალს ამოწმებენ, სამომავლო საქმიანობისთვის როგორი იქნება. თუმცა, ბათუმში მომხადრი აქცია დაგეგმილი არავის მიერ არ ყოფილა. ეს იყო სოციალური აფექტი, რომლითაც ხელის მოთბობა ყველა ძალამ სცადა.

რევოლუციას და დაძაბულობას ყოველთვის ხელისუფლება იწვევს. მოსახლეობას ხელისუფლებისგან ორი რამ სჭირდება, ეს არის კომფორტი და თავისუფლება.

თუ ეს ორი ფასეულობა მას აქვს, მის პოლიტიკურ ხაფანგში მოქცევა შეუძლებელია. სწორ ადგილზე პრობლემის ინიცირება შეუძლებელია“, -განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში ხუხაშვილმა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა მიმართულებით უნდა გამოიკვლიოს. მისი თქმით, მღებრიშვილმა აქციის მონაწილეების მხრიდან გახმაურებულ ბრალდებასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომელიც აჭარის პოლიციის მისამართით გაკეთდა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მცდარია მინისტრის დამოკიდებულება, როდესაც ის გამოკვლევის გარეშე უაპელაციოდ აცხადებს, რომ მსგავსი სახის განცხადება პოლიციის უფროსს არ გაუკეთებია. ეს საზოგადოების გაღიზიანებას კიდევ უფრო იწვევს და ისედაც დაძაბულ სიტუაციას უფრო ამძაფრებს.

„ფაქტია, რომ საქართველოში და განსაკუთრებით კი აჭარაში, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება დიდია. ხოლო, როგორც გამოჩნდა პოლიციის უფროსის არასწორი ქცევა და დამოკიდებულება, მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს, რამაც უბარლოდ ასეთი ფორმით ასახვა ჰპოვა.

ფაქტია, რომ შემდეგ ეს სოციალური უკმაყოფილება, როგორც გარე ასევე შიდა ძალებმა გამოიყენეს. ხელისუფლებამ კი ამის სრული თავისუფლება მისცა. საზოგადოებაში პროტესტის მუხტი იმ დონეზე მაღალია, რომ მათ პოლიციის უფროსის შეურაცხყოფილი გამონათქვამიც კი ეყოთ იმისთვის, რომ ასეთი აგრესია გამოევლინათ.

მთავრობამ ამ აგრესიის ნიადაგი შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქი დაინგრა და ხელისუფლება არსად ჩანდა. ეს იყო წარმოუდგენელი რექცია, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოავლინა. თითქოს რაც ქალაქში ხდებოდა მათ არ ეხებოდათ.

ჯერ კარგად აცალეს რა მოხდებოდა და ჩარევა შემდეგ დაიწყეს. ამ ფაქტის ორი ახსნა მაქვს. ერთი ის, რომ ხელისუფლება ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უმოქმედოა და მეორე, რომ აქციის  მონაწილეებს მოქმედების შესაძლებლობა სპეციალურად მისცა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი შეცდომაა, რასაც შესაძლოა რომ ფატალური შედეგი მოჰყოლოდა“ – ამბობს შავგულიძე „მეტრონომთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ხალხისთვის მანამდე უნდა მოესმინათ სანამ ამ უკმაყოფილებას გარკვეული ძალები გამოიყენებდნენ. შავგულიძის აზრით, როდესაც ამხელა საპროტესტო მოძრაობაა ხელისუფლება კი არ უნდა დაიმალოს უნდა დაელაპარაკოს, ამით ის პროცესს მართვადს გახდიდა.

პოლიტიკოსის აზრით,  პრემიერის განცხადება, რომ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, მისი უსუსურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ მტკიცებულება დადონ. სხვაგვარად შავგულიძე ფიქრობს, რომ  ასეთი განცხადებების გაკეთება, ხელისუფლების უუნარობაზე მიუთითებს.

„გამოდის, რომ ოპოზიციურ ძალას ერთი ხელის მოსმით შეუძლია ამხელა საპროტესტო აქცია მოგიწყოს? შენ კიდევ დგახარ და სეირს უყურებ? აქ ლოგიკა სად არის? ეს საკუთარი უნიათობის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა. ყველაზე უფრო სხვა ვარიანტის მეშინია.

ეს პროტესტის ქართული ფორმა არ იყო. ეს ინსპინირებულ სცენებს უფრო ჰგავდა, რომლიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ახასიათებს. ასევე არ არის გორიცხული, რომ ჩვენი სუს-ის შეცდომაც იყო ან მიზანიმართული ხელშეწყობა, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემა მგონია. გამოვიდა აქციის ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ დაკითხული არ არის.

მის მიმართ კი ქართული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეჭვები არსებობს. ის „ქართული ოცნების“ სურვილის შემსრულებლად სახელდება. ხოლო როდესაც ასეთი ადამიანი, ტერორისტული ორგანიზაციასავით პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ეს რუსულ ნარატივს ძალიან ჰგავს“, – ამბობს შავგულიძე.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ავტორიტეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერების დეფიციტმა ის ფაქტი გამოიწვია, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ მოსახლეობასთან, დამაჯერებელი კომუნიკაცია ვერ შეძლეს.

მისი თქმით, აჭარაში არასწორმა  საკადრო პოლიტიკამ, უავტორიტეტო მთავრობამ და რეალურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარის დეფიციტმა, აქციის მონაწილეებთან კონტაქტი გაართულა.

მისი აზრით, აუცილებელია, რომ თავად შინაგან საქმეთა მინიტრმაც სისტემურ პრობლემებს გადახედოს, რადგანაც აჭარის პოლიციის უფროსის მიმართ არსებული კითხვების მიჩუმება არ შეიძლება. რაც საზოგადოების დამატებით აგრესიას გამოიწვევს.

„არ უნდა მივაჩუმათოთ ის საკითხიც, რომელიც ამ სოციალური აფეთქების რეალურ წინაპირობად იქცა. კერძოდ, პარკირების პრობლემა ბათუმში, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უდიდესი თავისტკივილია და ამ პრობლემასთან მიბმული, ბოლო სამი კვირის მანძილზე გახშირებული ჯარიმები და შესაბამისი, პატრულის საქმიანობით მზარდი უკმაყოფილება.

ყველაზე შემაშფოთებელი – ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა თავისი რესურსი ამოწურა, რადგან ხელისუფლება მასზე აღარ რეაგირებს, ამიტომ პროტესტის, 90-იანი წლების მერე დავიწყებულ, აგრესიულ ფორმებს მიმართა. ეს ყველაზე სახიფათო სიმპტომია.

ხელისუფლების შესწავლის უპირველესი ობიექტი უნდა იყოს – ვინ ჩააგონა ამ ახალგაზრდებს, რომ ჩამოსული პატრული მათ თათრებს უწოდებდა, ვინ ამზადებდა ამ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული პატრულის თანამშრომლებში მტერი დაენახათ.

რაც უფრო მეტი ადამიანი ჩათვლის, რომ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი დიალოგის რესურსი ამოიწურა და არც იმგვარი ალტერნატიული პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებსაც საზოგადოება საკუთარი ინტერესების მშვიდობიან დაცვას ანდობს, მით უფრო გაიზრდება საზოგადოებაში პროტესტის აგრესიული ფორმით გამოხატვის მუხტი“,-ამბობს ლაგაზიძე.

ასეა თუ ისე, ერთი ფაქტია, ასეთი გამოსვლები ევროპის ბევრ ქვეყნაში მომხდარა და კიდევ მოხდება. ბათუმში მომხდარი ფაქტის გაპოლიტიზება თუ სოციალურ მოტივებზე საუბრები კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და ეს ბუნებრივია, თუმცა, უმთავრესი მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ კარგად უნდა გაითავისოს არის ის ქსენოფობიური ფრაზა, რომელმაც რეალურად გაიჟღერა თუ შემოგდებულია მნიშვნელობა არ აქვს. შსს-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წაიყვანოს და დამნაშავე დასაჯოს იმისათვის, რომ ხვალ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი პროვოკაციები, რომელიც უკვე პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება. შსს ვალდებულია იპოვოს ის დენთის კასრი, რომელმაც ხვალ შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებს დაარტყას.

ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....