ახალი ამბები მთავარი სამართალი

„უჩა ნანუაშვილმა პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება შესთავაზა“

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პატრიარქს შესთავაზა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„უჩა ნანუაშვილს შეუთავაზებია პატრიარქისთვის, რომ მოხდეს დეკანოზ მამალაძის შეწყალება, თუმცა თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მისი შეწყალება ვერ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ჯერ ბრალიც არ  უღიარებია და მითუმეტეს, არც არის მსჯავრდებული. სახალხო დამცველმა სთხოვა პატრიარქს, რომ მან პრეზიდენტს შესთავაზოს მამალაძის შეწყალება. ცოტა გაუგებარი იყო ომბუდსმენის მიერ, ერთიც და  მეორეც, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ადგილი ჰქონდა“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მივიდნენ.  ნანა კაკაბაძის თქმით, კი იგი პატრიარქის მოსანახულებლად მივიდა.

საპატრიარქოში დღეს დილიდან სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე  საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სასულიერო პირები საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობენ.

პრეზიდენტმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქი „ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას ხელმძღვანელობს“.

იტვირთბა....