ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიგი უგულავას აქტიური დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად მნიშვნელოვანია”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე განცხადება ავრცელებს, სადაც თბილისის ყოფილ მერს გათავისუფლებას ულოცავს:

“გიგი უგულავას ვულოცავ თავისუფლებას! მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს ასევე ვულოცავ გიგის მიერ ციხის კედლების დატოვებას, სადაც მან, როგორც პოლიტპატიმარმა ორნახევარი წელიწადი გაატარა. მისი გათავისუფლება იმ პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს, როდესაც საპატიმროს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს. პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში ვნებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს.

საქართველო თავისი განვითარების ურთულეს ეტაპზე იმყოფება. გიგი უგულავას აქტიური დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში მომავალი წარმატებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს და გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს საერთო ბრძოლაში!,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გაუნახევრდა.

ყოფილ მერს ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უგულავა სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ. ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

იტვირთბა....