ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი იხდის სასჯელს. ambebi.ge აქვეყნებს ინფორმაციას თუ რამდენ წელიწადში დატოვებენ ციხეს საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმრები: თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ერთადერთია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან საპატიმროს ყველაზე ადრე დატოვებს. ის 2012 წელს “ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენის საქმეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 2016 წლის 28 ივნისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შოთა ხიზანიშვილს სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დაახლოებით ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა და განაჩენს თავისუფლებაზე ელოდებოდა. კანონის თანახმად, პირს მსჯავრის მოხდის ვადაში ეთვლება ის პერიოდიც, რომელიც მან წინასწარ პატიმრობაში გაატარა. აქედან გამომდინარე შოთა ხიზანიშვილს საპატიმრო ვადის დაახლოებით 6 თვე უკვე მოხდილი აქვს და ერთი წლის შემდეგ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე საპატიმროს დატოვებს, რადგან მის წინააღმდეგ რაიმე სხვა საქმე აღძრული არაა.
სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის საპატიმროს დატოვების ყველაზე სწრაფი საშუალება პრეზიდენტის შეწყალებაა. სხვა შემთხვევაში თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მინიმუმ 4-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ.
მაგალითად თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2015 წლის 18 სექტემბერს მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავამ 1 წელი უკვე მოიხადა, მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე განიხილება, რომელზეც შესაძლოა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. საქმეებს შორისაა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” საქმეები.
ამ ეტაპზე მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იხდის სასჯელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია. მას 2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად, ახალაიას 5 წელი და 6 თვე დარჩა მოსახდელი, თუმცა გიგი უგულავას მსგავსად, ახალაიას წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ორი საქმე აქვს წარმართული, რომელზეც შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. აღსანიშნავია, რომ ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, თუმცა ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეიწყალა. რამდენიმე საქმეზე კი ბაჩო ახალაია გამართლდა და სახელმწიფო ბრალდებას ზემდგომ ინსტანციებში მოუწევს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დანაშაულის დამტკიცება.
ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშია დამდგარი. მას 4 საქმეზე – 3 წლით; 4 წლითა და 6 თვით; 5 წლით; 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. არის კიდევ რამდენიმე საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
12-წლიან სასჯელს იხდის ძალოვანი უწყების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოუტანა. რაც შეეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვისაც რამდენიმე მსჯავრი აქვთ დადებული: კანონის თანახმად მათთვის პატიმრობის საბოლოო ვადის განსაზღვრაში სასჯელის შთანთქმის პრინციპი მოქმედებს და პატიმრობის საბოლოო ვადა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ყველა საქმეზე გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა. შთანთქმის პრინციპი მაღალი სასჯელის მიერ, მცირე სასჯელის შთანთქმას გულისხმობს. ასევე აღსანიშნავია, რომ პატიმრობის საბოლოო ვადის განსაზღვრისას, გათვალისწინებულია არა ამნისტიის შედეგად შეფარდებული პატიმრობის წლები, არამედ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებამდე, მოსამართლის მიერ განსაზღვრული პატიმრობის ვადა“- წერს სააგენტო.
ambebi.ge