რამდენიმე თვის წინ, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინაში ოპოზიციური პარტია შექმნა. შექმნისთანავე, საყვარელიძე აცხადებდა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის გვერდით იქნებოდა.”სააკაშვილი ჩვენს გვერდით არის. ის ჩვენი პარტიის მთავარი იდეოლოგია.” – აცხადებდა საყვარელიძე. საყვარელიძე გენერალური მოადგილის პოსტიდან გადადგა. მალე მას მიყვა სააკაშვილიც. არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ისინი ერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ ნავში ვიხილოთ.
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის თქმით, პარტიაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რადას დეპუტატებთან, სერგეი ლეშენკოსთან და მუსტაფა ნეიმამთან მიმდინარეობდა.
მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორობაზე უარი თქვა, მედია მისი პოლიტიკური მომავლით დაინტერესდა. New York Times წერს, რომ მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობა” ოქტომბერში გამართულ არჩევნებში დამარცხდა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შანსი აღარ აქვს. გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა თავისი ბედი შესაძლოა სწორედ დავით საყვარელიძის პარტიას დაუკავშიროს.
სააკაშვილის უკრაინულ მომავალზე უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკოც საუბრობს.
“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესენკო აცხადებს, რომ უკრაინაში იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელშიც სხვებთან ერთად დავით საყვარელიძეც არის, თუმცა რადგან ჯერჯერობით ამ პარტიას არა აქვს რეიტინგი, მათ ძალიან სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად. შესაძლოა, სააკაშვილის გადადგომა სწორედ ამ პარტიის ლიდერად მოვლინებას უკავშირდებოდეს. ახლა ის თავის კარიერას ოპოზიციონერი ლიდერის რანგში იწყებს, ამბობს ფესენკო.
პოლიტოლოგის თქმით, უკრაინაში საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი შედგა როგორც შესამჩნევი უკრაინელი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ კრახი განიცადა როგორც გუბერნატორმა. თუმცა, ისევ ფესენკოს შეფასებით, სააკაშვილს, უკრაინის სხვა გუბერნატორებთან შედარებით, მართვის მეტი ბერკეტი და შესაძლებლობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამბობს ფესენკო, ერთია იყო პრეზიდენტი შეუზღუდავი ძალაუფლებით და მეორე – იყო გუბერნატორი და ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ წყვეტდე.
სააკაშვილის პოსტიდან წასვლას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ. დავით დარჩიაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის სახით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოვა.