რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან.
გალუზინის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეწყვეტა არა რუსეთის მიზეზით, არამედ სააკაშვილის რეჟიმის მიზეზით მოხდა.
“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა.
მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოებისა და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესია სცადა, დღეს, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ.” – თქვა გალუზინმა.
გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.