საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, კრედიტის უკანონო მიღების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კორსტანდარტ ბანკის“ დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი ირაკლი აბშილავა დააკავეს:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი აბშილავას სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წვდომა ჰქონდა ბანკის დეპოზიტორთა მონაცემებთან. 2013 წლის 4 აპრილს, მისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე მ.ჯ.-ს მიერ ამავე ბანკში დეპოზიტზე 800 000 აშშ დოლარის განთავსების შესახებ. ირაკლი აბშილავამ გადაწყვიტა მ.ჯ.-ს დეპოზიტზე არსებული თანხის უზრუნველყოფით იმავე ბანკის ფილიალიდან სესხის აღება. ამ მიზნით, დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია, რომელთა გამოყენებითაც 2013 წლის 4 აპრილს მიიღო 655 000 აშშ დოლარის ოდენობის უკანონო კრედიტი. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ირაკლი აბშილავამ ფულადი თანხები წარმართა წინარე პერიოდში აღებული სხვა კრედიტების გადასაფარად.
ამასთან, ირაკლი აბშილავამ, იმავე დეპოზიტზე განთავსებული თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქე მ.ჯ.-ს მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტაციაზე და 2014 წლის 4 აპრილს დაეუფლა დეპოზიტზე განთავსებულ 759 800 აშშ დოლარს.
ირაკლი აბშილავას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.