რამდენიმე დღის წინ მმართველმა გუნდმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პროგრამა წარადგინა. საინტერესოა რას პირდებოდა კოალიცია ამომრჩეველს 4 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და რას პირდება ახლა. შედარება საინტერესოა იმ კუთხით, რომ განსხვავებით 2012 წლისა, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ უკვე იცნობს – მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ამჟამინდელი მმართველი გუნდის მმართველობის ფორმები.
„მეტრონომი“ გთავაზობთ „ქართული ოცნების“ 2012 წლისა და 2016 წლის საარჩევნო პროგრამებს და კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. დავიწყოთ 2012 წლით:
2012 წელს საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაამახვილა, თუმცა ივანიშვილმა პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. „იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში ყველანაირი პრობლემა მოგავრდება, ასევე შეიქმნება სახელმწიფო და კერძო სისტემისთვის კონკურენტული გარემო. ჩვენ გვაქვს რეალური ვალდებულება და აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ“- ამბობდა მაშინ ივანიშვილი.
საარჩევნო პროგრამა კი ასე იწყებოდა: „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის ყველა წინასაარჩევნო დაპირება არჩევნების შემდეგ მხოლოდ დაპირებად დარჩა: უმუშევრობის პრობლემის მოგვარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; საქართველო სიღარიბის გარეშე; ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; პენსია 100 აშშ დოლარის ოდენობით; საქართველოს გადაქცევა მსოფლიო ფინანსურ ცენტრად და სხვა მრავალი დაპირება”
2012 წლის პროგრამაში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ მათ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგებს თითოეული ადამიანი იგრძნობდა.
„ჩვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგებს იგრძნობს თითოეული ადამიანი: იგი მოძებნის თავისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს და შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაციას; გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები და გაუმჯობესდება მისი სოციალური მდგომარეობა; შემცირდება მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ; შემცირდება სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი; გაუმჯობესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები”.
რაც შეეხება ტარიფებს, 4 წლის წინ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას პირდებოდა, რომ უმოკლეს ვადებში ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით განახორციელებდა.
„არ დავუშვებთ ტარიფების ზრდას სუბიექტური, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე; არ დავუშვებთ ბიზნესისათვის კაბალურ ტარიფებს, რაც აძვირებს პროდუქციას და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას; გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვადასხვა კომუნალური გადასახდელების ერთმანეთზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას“- წერია 2012 წლის პროგრამაში.
იმავე პროგრამის მიხედვით, ისინი ამბობდნენ, რომ ჯადაცვასა და სოციალურ პოლიტიკაში გამოყენებული იქნებოდა 4 ძირითადი პრინციპი: 1. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევისა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სისტემა; 2. სავალდებულო დაგროვებითი ასაკობრივი საპენსიო და სახელმწიფო სპეციალური საპენსიო სისტემა; 3. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულადი დახმარების სისტემა და 4. სოციალური მომსახურება.
„საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული“- ნათქვამია 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში.
ისინი ასევე ამბობდნენ, რომ შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1-მილიარდიანი ფონდი. ფონდი დააფინანსებდა სოფლის მეურნეობის პროგრამებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენდა გლეხებისათვის (ფერმერებისათვის) შეღავათიანი კრედიტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში.
რაც შეეხება განათლებას, საარჩევნო ბლოკის თქმით, განხორციელდებოდა განათლების სისტემის დეპოლიტიზება და აღმოიფხვრებოდა პოლიციური რეჟიმის გავლენა. განათლების სისტემა დაეფუძნებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს და გათავისუფლდებოდა ოლიგარქიული ავტორიტარული მმართველობისა და პირად ერთგულებაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებისგან.
„აღიკვეთება სტუდენტურ თვითმმართველობებზე ზემოქმედების მექანიზმები ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად; უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობა კანონისა და თავიანთი დებულებების ფარგლებში“- ვკითხულობთ საარჩევნო ბლოკის – „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში.
რას პირდება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში:
პარტიის პროგრამა ოთხი თავისგან შედგება: 1) დემოკრატიული განვითარება, 2) ეკონომიკური განვითარება, 3) სოციალური განვითარება, 4) საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება და თავდაცვა.
მმართველი გუნდი ამომრჩევლებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმების გატარებას ჰპირდება და მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას წარადგენს, რომელშიც შედის ეკონომიკური რეფორმა, განათლების რეფორმა, ქვეყნის განვითარებას ოპტიმალური სივრცითი მოწყობით და მმართველობის რეფორმა.
პარტია საზოგადოებას 200 ათასი ახალი სამუშო ადგილის შექმნას პირდება. უმუშევრობის შემცირებას კი ბიზნესის ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად გეგმავს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით პენსიის კონკრეტული ოდენობით გაზრდა გათვალისწინებული არ არის. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ მომავალში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლისათვის საჭირო რეფორმას გაატარებს, რაც 2012 წლის დაპირებებშიც იყო გაჟღერებული. ისინი ამბობენ, რომ დაინერგა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან.
გატარდება განათლების რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემა განვითარდება დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება და კვალიფიკაციური კადრების მოსამსაზებლად სახლემწიფო და საწარმოების გაინაწილებენ კომპეტენციებს, პროფესიული განათლების თეორიული და საწამოო პრაქტიკის კომპონენტების მიმართულებით.
რაც წინა წელს არ იყო, არის ის, რომ მმართველი გუნდი ამომრჩეველს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით სასჯელის ლიბერალიზაციას პირდება.
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„გაუმჯობესდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოწყვადი ჯგუფებისთვის და პენსიონორებისთვის. დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშობა. გაიზრდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულეის პროგრამული დაფინანსება. ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმებით, რაც უზრუნველყოფის მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო პერსონალის აღზრდას“- ვკითხულობთ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში.
პროგრამის ბოლოს კი „ქართული ოცნება“ შემდეგი ტექსტით ამთავრებს პროგრამის წარდგენას: „მმართველობის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა, მამრთველობის შემდგომ 4 წელიწადში, კონკრეტული გეგმით, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს“.
პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც როგორც ამბიციური, ასევე რეალისტურია.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის განხორციელდება რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გარღვევას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ „მმართველმა პარტიამ ვერ გააცნობიერა წინა წლებში დაშვებული შეცდომები და კვლავ აგრძელებს იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას უარყოფითად აფასებენ პაატა ბურჭულაძის პარტიაში. მისი ერთ-ერთი წევრის, ერეკლე წიკლაურის თქმით, მმართველი გუნდის დაპირებები აბსოლუტურად არარეალურია.
„რატომ უნდა გვჯეროდეს მოსახლეობას, რომ ინფრასტრუქტურა ქვეყანაში მოწესრიგდება, როდესაც სამინისტრო გამოყოფილ თანხებსაც ვერ ითვისებს. 130 მილიონი ლარი ვერ აითვისა“- განაცხადა წიკლაურმა.
იხილეთ ქართული ოცნების 2012 წლის საარჩევნო პროგრამა
იხილეთ ქართული ოცნების 2016 წლის საარჩევნო პროგრამა
ნინო ცხადაია