ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების” სომხურენოვანი ბროშურა სომხურად არ იკითხება

ერთი თვის წინ სამცხე-ჯავახეთში, იმ სოფლებში, სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობაა ჩასახლებული, პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები გავრცელდა. მასალები სომხურ ენაზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თარგმანი იმდენად ცუდად იყო შესრულებული, ფაქტობრივად, მისი წაკითხვა შეუძლებელი იყო.

ამის შესახებ არაერთი პოსტი გაჩნდა სოციალურ ქსელში, სადაც სომხური თემის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნათარგმნი ტექსტები „წარმოუდგენელი“ შეცდომებითაა სავსე.

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს გამგეობის წევრი სანდრო ოჰანიანი ამბობს, რომ ადამიანი რომელიც ზოგადად მაინც ფლობს სომხურ ენას, მიხვდება, რომ ეს ტექსტები ამ ენაზე დაწერილი არ არის, უბრალოდ სომხური ასოებია გამოყენებული.

„ძალიან გაგვაოცა ამ ფაქტმა, რადგან გამოჩნდა საინტერესო დამოკიდებულება. არ ვიცი, მიზანმიმართულად მოხდა თუ  შეცდომაა.  სომეხთა სათვისტომოს უშუალოდ არ უცდია „ქართული ოცნებისგან“ განმარტების მიღება.  ეს  საკითხი პირადად პარტიის პრესტიჟზე უფრო მოქმედებს.  ადამიანი, რომელიც სომხურს  მშობლიურ ენად მიიჩნევს და კითხულობს ამ ბროშურას,  ნადვილად დაფიქრდება, რამდენად ღირს, ხმა მისცეს ამ პარტიას, რომელსაც ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. სამცხე -ჯავახეთში  ამ ფაქტზე ძირითადად უსიამოვნო რეაქცია ჰქონდათ –  ზოგმა იუმორით მიიღო, თუმცა ზოგმა შეაფასა, რომ ეს არის დამოკიდებულება  ამ კონკრეტული პარტიის მხრიდან ლინგვისტური უმცირესობების მიმართ“, – ამბობს სანდრო ოჰანიანი.

როგორც სომეხთა სათვისტომოში ამბობენ, ზოგადადაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან კარგად ჩანს დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების ენების მიმართ,  რადგან  პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, თუნდაც საარჩევნო პროგრამა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე  ხელმისაწვდომი არ არის.

წყარო: “ლიბერალი”

1234-copy-1

იტვირთბა....