დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ. პატრიარქი მათ დალოცავს, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები და ნათესავები დაესწრებიან. ამ ცერემონიალით თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 16 აგვისტოს წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინს ჩაუშვებენ.
სამხედრო წესით ზღვაში პატივის მიგების ცერემონიალს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრებიან.
პარალელურად, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.
თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია. ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით.