გიგა ოთხოზორიას ოჯახს საქართველოს მთავრობა საცხოვრებელ სახლს უყიდის,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ოთხოზორიას ხუთშვილიან ოჯახს, რომელიც ქირით ცხოვრობს, ბინას ზუგდიდის ცენტრში, მშენებარე კორპუსში სთავაზობდა, თუმცა ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, მათ ზუგდიდში კერძო სახლი გადაეცემათ.
“ჩვენ გქვონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ აირჩიეს, რომ კერძო სახლს აიღებდნენ, ჩავსვით პროგრამაში. საკითხი მთავრობაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს ცდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ექნება მათ მიერვე არჩეული სახლი, ზუგდიდის ცენტრში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრემ რამდენიემ თვის წინათ მოკლა, რომლის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემასაც სოხუმი არ თანხმდება.