ახლა უბრალოდ არ გაუმართლა იმ რამდენიმე პოლიციელს, რომელთა უკანონობაც გადაღებული იქნა, აქაც, ყველა პირი არ არის დაკავებული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც ის განმარტავს, გამოძიება წამების მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.
„ის შემზარავი კადრები, რომელიც საზოგადოებამ გორიდან იხილა, არამხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს ავლენს, არამედ, გაცილებით უფრო მძიმე, სისტემური დანაშაულის, აისბერგის წვერს. ჩვენ ვხედავთ, როგორი გახრწნილია სამართალდამცავი სისტემა ქვეყანაში, სამართალდამცავები აწამებდნენ, სცემდნენ, სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ მშვიდობიანი დემონსტრანტები აქციების დარბევის დროს და ვნახეთ, რომ არავინ დაუსჯიათ, მხოლოდ საჩვენებლად, წელიწადნახევრის თავზე 5 სპეცრაზმელი მისცეს პასუხისგებაში. ახლა უბრალოდ არ გაუმართლა იმ რამდენიმე პოლიციელს, რომელთა უკანონობაც გადაღებული იქნა, აქაც ყველა პირი არ არის დაკავებული. რა ქნა „ქართულმა ოცნებამ“? რაღაც გადაცდომის მუხლით აღძრა საქმე, როცა აშკარაა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების შემთხვევაა, რომელიც გაცილებით უფრო დიდ სასჯელს 9-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წამება არ არის შუა საუკუნებრივი წამების მეთოდები, ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისაჯონ უშუალოდ სამართალდამრღვევები, ხოლო ის პირები, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს, არიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს. მათი დავალებით თუ მწვანე შუქით, ეს სისტემა წლებია, საზოგადოებაზე ძალადობს“, – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

