ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს“

„ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ექსპრეზიდენტი „საქართველოს იურსიტთა ასოციაციას“ პასუხობს, რომელმაც „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მისი დაჯარიმებისკენ მოუწოდა.

„ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.

გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება.

ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“- წერს სააკაშვილი.

„საია-ში“ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია „ცესკო-ს“ მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....