ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კვლევა: საქართველოს რომელ კუთხეში ეწევიან ყველაზე მეტ მარიხუანას

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა “ალტერნატივა ჯორჯიამ”, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა. რესპონდენტთა 15.9%-მა თქვა, რომ კანაფი (იგივე მარიხუანა) ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია. ცხოვრების მანძილზე მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (32% vs 2.9%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონს შორის, ორივე სქესის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

1

კვლევის მიხედვით, მარიხუანის პირველად მოხმარების საშუალო ასაკი ურბანული დასახლების მამაკაცებს შორის იყო 19 წელი, ხოლო ქალებს შორის – 20; სოფლად მამაკაცების შორის იყო 20 წელი, ხოლო ქალებს – 22. მინიმალური ასაკი მამაკაცებს შორის 12 წელი გამოვლინდა, ქალებს – 17.

2

კითხვას, რამდენად რთულია სურვილის შემთხვევაში მარიხუანის 24 საათში შოვნა, რესპონდენტების უმრავლესობამ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და რეგიონში უპასუხა, რომ “შეუძლებელია” ან “საკმაოდ რთულია”. გამონაკლისი მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონის ურბანული დასახლება იყო, სადაც გამოკითხულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მარიხუანის 24 საათში შოვნა “საკმაოდ ადვილია”.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 69.4% მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა.

კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე(მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).

 

იტვირთბა....