რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მალე უპასუხებს რუმინეთში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვას და გენერალური კონსულის ანდრეი კოსილინის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას.
„რუსეთის გენერალური კონსულის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებასთან და გენერალური საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით საპასუხო ზომები არ დააყოვნებს“, – აღნიშნა ზახარვამ რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, რუმინეთში დრონის გამო ატეხილ „აურზაურს“ „დასავლელები“ უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყურადღების გადასატანად იყენებენ.
ცნობისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

