ევროკომისია უნგრეთისთვის მანამდე შეჩერებულ 16.4 მილიარდ ევროზე მეტს განბლოკავს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონდების განბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება ბრიუსელში უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, პეტერ მადიართან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღებული.
მადიარმა, რომელმაც გასულ თვეში გამართულ არჩევნებში ვიქტორ ორბანი დაამარცხა, ბრიუსელში მიღწეული შედეგის გამო კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ასე სწრაფად ამხელა თანხის მიღების იმედი არ ჰქონდა.
“საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ის იყო, რომ უნგრელებისთვის იმ მილიარდობით ევროს განბლოკვას შევძლებდით, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ საკმაოდ ხისტი პარტნიორები ვიყავით მოლაპარაკებებზე – პრეზიდენტს შეუძლია ეს დაადასტუროს თითოეული ცენტისთვის ვიბრძოლეთ“ – განაცხადა მადიარმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი ხაზი გაუსვა უნგრელი ხალხის არჩევანს და აღნიშნა, რომ მათ დემოკრატიასა და ევროპაში დაბრუნებას დაუჭირეს მხარი.
ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან 10 მილიარდზე მეტი ევრო, ხოლო ერთიანობის ფონდებიდან 6.4 მილიარდი ევრო უნგრეთისთვის მას შემდეგ განიბლოკება, რაც ქვეყანა დღეს შეთანხმებულ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს.

