ევროკომისიის პრესპიკერ ანიტა ჰიპერის განცხადებით, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის წინადადებებს რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანასაც მოიცავს, ევროკავშირში ფართო მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინეს დოკუმენტი, სადაც განიხილავდნენ იმ დათმობებს, რომელთა გაკეთებასაც რუსეთისგან ითხოვენ.
“რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო და პასუხი უნდა აგოს. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, რადგან ჩვენ ვნახეთ, რამდენჯერ დაარღვია რუსეთმა ყველა პოტენციური შეთანხმება. საგარეო საქმეთა მინისტრების განსახილველი შინაარის ეფუძნებოდა დოკუმენტს, რომელიც წარვადგინეთ ჯერ კიდევ თებერვალში. ეს დოკუმენტი განიხილავდა იმ დათმობებს, რომელთა გაკეთებასაც რუსეთისგან ვითხოვთ, რადგან ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ყურადღება იფანტება და ზეწოლა უკრაინაზე ხდება, მაშინ როცა ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ჰიპერმა.
მისი თქმით, წევრმა ქვეყნებმა წამოაყენეს რამდენიმე დამატებითი იდეა, რომელიც შეიძლება შესწავლილ იქნას.
„მაგრამ, როგორც ბაზისი, ჩვენ გვაქვს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი საბოტაჟის ოპერაციები. ჩვენ ასევე ვერ მივიღებთ რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის არაღიარებას.
ცხადია, გვაქვს უფრო ფართო უსაფრთხოების საფიქრალი, როდესაც რეგიონში რუსული ჯარების ყოფნას ვუყურებთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, და როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო ხასიათის ყველა იმ ჰიბრიდულ ქმედებას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ჩვენ გვქონდა დისკუსია. გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“,-განაცხადა ჰიპერმა.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.
წყარო: ნეტგაზეთი

